სურსათის სააგენტომ ხუთი საბავშვო ბაღი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადამოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, 400 ლარით ხუთი საბავშვო ბაღი დააჯარიმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების კვების ბლოკებისა და სკოლის ბუფეტების ინსპექტირებას განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში 290 ინსპექტირება ჩატარდა (გეგმური - 40 საბავშვო ბაგა-ბაღსა და 4 სკოლაში, არაგეგმური - 2 სკოლაში, გადამოწმდა 213 საბავშვო ბაგა-ბაღი და 31 სკოლის ბუფეტი). გადამოწმებისას რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 400 ლარით ხუთი საბავშვო ბაღი დაჯარიმდა. "ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა და, შესაბამისად, არცერთი საბავშვო ბაღის კვების ბლოკსა და სკოლის ბუფეტს საწარმოო პროცესი არ შეჩერებია. ძირითადად, დარღვევები გამოიხატა შემდეგში - ჭურჭლის გასარეცხი და ხელსაბანი ნიჟარების არასაკმარისი რაოდენობა, ცხელი წყლისა და შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების, სათანადო ვენტილაციის, დეზობარიერების, მწერებისაგან დამცავი ბადის არარსებობა, დამცავი ტანისამოსის არქონა და ა.შ. აღნიშნული შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები და ვადები, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები გადამოწმებას განახორციელებენ", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე, წინასწარი მონაცემებით, სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებულია 2011 ინსპექტირება, მათ შორის, საბავშვო ბაგა-ბაღებში 1650 (გეგმური - 941, არაგეგმური - 13, გადამოწმება 696) და სკოლის ბუფეტებში - 361 (293 - გეგმური; 4 - არაგეგმური; 64-გადამოწმება). ინსპექტირების პროცესი კვლავ გრძელდება.