ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო "ჯეო კეპი" გახსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გახსნის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, სასიხარულოა, რომ ასეთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდით. "გუშინ ჩვენ გავხსენით ფარმაცევტული კომპანია. დღეს აქ ვიხილეთ ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო და ეს არის სწორედ ჩვენი საერთო წარმატება და გამარჯვება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ეს საწარმო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. "ეს იდეა მე გამიჩნდა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, მაშინ, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით როგორ ჩაგვენაცვლებინა დაბალხარისხიანი იმპორტირებული საქონელი, როგორ შეგვეწყო ჩვენ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება. ამ ამოცანის ჩამოყალიბების შემდეგ მივეცით დავალება ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დავიწყეთ მუშაობა. 6 თვეში კი, ჩვენ ეს პროგრამა დავამუშავეთ. ეკონომიკის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინეს ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 123 ქართული საწარმო დაფინანსებული, ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიქმნა რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საწარმოს გახსნა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთიანი ძალისხმევით შეძლოს ერთ დროს მიტოვებული, მივიწყებული, დახურული საწარმო გადაიქცეს თანამედროვე ევროპული ტიპის საწარმოდ. "სწორედ "ჯეო კეპის" საწარმო არის ამ პროექტის შესანიშნავი მაგალითი, გარემონტდა შენობა-ნაგებობა, მივიღეთ ახალი ტიპის საწარმო, რომელშიც ინვესტირებულია 2 მილიონი ამერიკული დოლარი. ჩვენ სუბსიდირებას ვუკეთებთ 10 პროცენტით, ასევე მიცემული გვაქვს საბანკო გარანტიებიც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ქართული წარმოების განვითარება მიმდინარეობს. "ძალიან განვიცდი, რომ ყველა რეგიონში, სოფლებში, ჩვენ ვხედავთ მიტოვებულ, განადგურებულ და გაჩანაგებულ ქარხნებს, რომლებიც 25-30 წლის წინ მუშაობდნენ. ქარხნები იყო ამუშავებული, ხალხი იყო დასაქმებული. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ჩვენი გუნდისთვის იყო სწორედ ის, რომ მიტოვებული ქარხნები გაგვეახლებინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, "ჯეო კეპს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია გაიტანოს ექსპორტზეც. "ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები პლასტმასის საცობების იმპორტს ახორციელებენ, "ჯეო კეპს" მიეცემა საშუალება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას, ექსპორტზე გაიტანს რეგიონში. ამ რეგიონში ასეთი თანამედროვე ტიპის საწარმო არის პირველი. სახელმწიფო მაქსიმალურად იღებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყოს ასეთი იდეების განვითარებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შპს "ჯეო კეპი" პლასტმასის საცობების წარმოებას იწყებს. ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს მსგავსი საწარმო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯეო კეპის" დამფუძნებლებს გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება პლასტმასის შეფუთვის წარმოება-რეალიზაციაში. კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი საწარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმპორტის ჩანაცვლების გზით. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" კომპანია "ჯეო კეპს" უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთი და შენობა, სამომავლოდ შეფასებული ქონების ექვსმაგი ინვესტიციის განხორციელების მიზნით. დღეის მდგომარეობით კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური და წარმოების მოცულობის ვალდებულებებიდან ფინანსური ვალდებულება გადაჭარბებით აქვთ შესრულებული, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი ამერიკული დოლარია, კომპანიაში 50 ადამიანი დასაქმდება.