სურსათის სააგენტომ წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იდენტიფიკაციის პროცესი სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და თბილისის შემოერთებულ სოფლებში მიმდინარეობს.  სააგენტოს ინფორმაციით, წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2015 წლის მაისში მიიღო, რაც ცხვრის საყურე ნიშნებით ნიშანდებას, წვრილფეხა საქონლის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას და აღრიცხვიანობის რეგულირებას ითვალისწინებს.  "წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობაზე კონტროლის განხორციელებას, აღრიცხვიანობას და მიკვლევადობას, ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარულ კონტროლს და მომხმარებლისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია ქვეყანაში 2012 წლიდან მიმდინარეობს. 2012-2015 წლებში მილიონ-ნახევარი მსხვილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული. მიმდინარე წლის ბოლომდე კი სურსათის ეროვნული სააგენტო 100 ათასამდე წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირებას გეგმავს.