30 ნოემბრიდან ტელეკომპანია PALITRANEWS მაუწყებლობას იწყებს

ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, Palitra TV-მ დღეს შეაჩერა ეთერი და PALITRANEWS ახალი საინფორმაციო ფორმატით 30 ნოემბერს, დილის 8 საათზე განაახლებს მაუწყებლობას. ახალი ამბების ტელევიზია PALITRANEWS ეთერში 24 საათის განმავლობაში იქნება. ტელევიზია გათვლილია მაყურებელთა ისეთ აუდიტორიაზე, რომელსაც აქვს სურვილი, მოკლე დროში მიიღოს მრავალფეროვანი, ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია. PALITRANEWS-ის დირექტორის, ინგა დადიანის განცხადებით, საინფორმაციო ფორმატის მიხედვით, PALITRANEWS-ზე ყოველდღიურად 200-მდე ახალი ამბავი გავა ეთერში. ყოველ საათში მომზადდება საინფორმაციო გამოშვება, ახალი ამბები ბიზნესის, კულტურის, სპორტის სფეროდან. ასევე სოციალური სიუჟეტები. მაყურებლები გაეცნობიან პრესის მიმოხილვას, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ”როიტერის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მთელი მსოფლიოდან. PALITRANEWS-ის მაყურებლები ინფორმირებული იქნებიან მსოფლიოს მთავარი ამბების შესახებ. "24 საათიანი საინფორმაციო ფორმატი საქართველოში დღეს არ არის. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, ვისაც საქართველოში ასეთი ტიპის მაუწყებლობა ექნება. დღის ნებისმერ მონაკვეთში მაყურებელი პირველი ჩვენგან გაიგებს სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ეს ტელევიზია არის მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია. ახალი ფორმატი ყველა ინტერესის სფეროს მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სხვადასხვა სფეროდან სიახლე აინტერესებს, PALITRANEWS-ზე ნებისმიერ დროს ახალ ამბავს გაიგებს”, - აღნიშნა ინგა დადიანმა. არხი HD ხარისხით გავა ეთერში და მისი მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.