უნგრეთი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იუწყებიან, მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შანდორ საბოსა და საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს გეზა როლის შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ჯავახიშვილმა სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე, ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე საქართველოს ბაზრით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უნგრული კომპანიები ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ და ინვესტიციების გასახორციელებლად მზად არიან. სტუმრები განსაკუთრებით წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერებით დაინტერესდნენ. სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

"ჩვენ, გვსურს გავაღრმავოთ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა ვაჭრობის, ეკონომიკის და უპირველეს ყოვლისა ინვესტირების დარგში. სამწუხაროდ, საქართველოში აქამდე უნგრული ინვესტიციები ძალიან მცირე რაოდენობითაა. ჩვენ გვინდა ეს სიტუაცია გამოვასწოროთ. უნგრეთს სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგების სფეროში კარგი გამოცდილება აქვს. გვაქვს განვითარებული ტექნოლოგიები ციტრუსის წარმოებისა და მოვლა-შენახვის დარგში და მზად ვართ ეს გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ მხარეს", - განაცხადა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შანდორ საბომ.