ამერიკული კომპანია თანამშრომლებს 100 ათასი დოლარით დაასაჩუქრებს

ფულად ბონუსს კომპანიის 1 381 თანამშრომელი მიიღებს

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო კომპანია Hilcorp Energy, რომელიც ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებით არის დაკავებული, თანამშრომლებს წლის ბოლოს 100 ათასი დოლარით დააჯილდოებს.

„ფორბსის“ ინფორმაციით, ფულად ბონუსს კომპანიის 1 381 თანამშრომელი მიიღებს. გამოცემის ცნობით, კომპანიის თავკაცმა მილიარდერმა ჯეფრი ჰილდებრანდმა თნამშრომლებს მსგავსი სიურპრიზი ხუთი წლის წინაც გაუკეთა, როდესაც თითოეული მათგანი 35 ათასი დოლარით დაასაჩუქრა.

მიმდინარე წელს Hilcorp-მა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 150 ათას ბარელამდე გაზარდა, რის გამოც კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თანამშრომლებიც უფრო მეტ ფულად ბონუსს მიიღებენ, ვიდრე ეს ხუთი წლის წინ იყო.

Hilcorp Energy 1989 წელს დაარსდა. კომპანიის სათავო ოფისი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარეობს. 2015 წელს კომპანია ზედიზედ მესამედ მოხვდა დასაქმებისთვის საუკეთესო კომპანიებს შორის.

კომპანიის მფლობელის, 56 წლის ჯეფრი ჰილდებრანდის ქონება 5,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე