ქართული ჩურჩხელა ჰოლანდიაში

200 ცალი ქართული წარმოების ჩურჩხელა დეკემბრის დასაწყისში ნიდერლანდების ბაზარზე გავიდა. ჩურჩხელას საცალო ფასი ერთ ევროს შეადგენს.

როგორც კოოპერატივი ,,ალვანის“ დამფუძნებელი ლია პაპიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, კახური ტრადიციებით და თანამედროვე უვნებლობის სტანდარტებით დამზადებულმა ჩურჩხელამ ევროპელ ბიზნესმენებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. კოოპერატივის წევრებმა შემოთავაზება არა მხოლოდ ნიდერლანდებიდან, არამედ ბელგიიდან, კერძოდ კი ბრიუსელიდანაც მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლეს, რადგან დიდი რაოდენობის ჩურჩხელის დამზადებას პირობებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

ამ ეტაპზე "ალვანი“ სეზონზე 2-3 ათას ჩურჩხელას აწარმოებს, რომლის საცალო ფასი საქართველოში 2,5-დან 3 ლარამდე მერყეობს. პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ კერძო შეკვეთითაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც ლია პაპიაშვილი აღნიშნავს, წარმოების გაზრდის შემთხვევაში, კახეთის სოფელ ზემო ალვანში დამზადებული ჩურჩხელები სუპერმარკეტებშიც გაიყიდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე