რაზეა დამოკიდებული მცირე ბიზნესის წარმატება

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება განსაკუთრებულ როლს ასრულებს სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებასა თუ სამუშაო ადგილების შექმნაში.

ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებში ეს სფერო განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს და მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებს.

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, თუმცა აღნიშნულ სფეროში ბევრი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ. სამწუხაროდ, მცირე ბიზნესით დაკავებული ბევრი კომპანია საკმაოდ მალე ასრულებს სამიანობასაც. „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნული სეგმენტის პრობლემებით დაინტერესდა და შევეცადეთ გაგვერკვია, რა პრობლემები ხვდება საწყის ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესს და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რა შეცდომებს უშვებენ ამ სფეროს წარმომადგენლები.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გულბანი ამბობს, რომ დამწყები ბიზნესმენის წარმატება, მისი საქმის გადარჩენა, პირველ რიგში შედგენილ ბიზნეს გეგმაზეა დამოკიდებული.

"რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ბიზნესი და გაუძლებს თუ არა შემდგომ გამოწვევებს, სწორედ გააზრებულ სამოქმედო გეგმაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული,“-აღნიშნავს შოთა გულბანი.

მისივე თქმით, მართალია მთავრობამ უნდა იზრუნოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე, მაგრამ წარუმატებლობის მხოლოდ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე გადაბრალება არასწორია.

„ბიზნესში წარმატება დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე, კომპეტენციაზე, ცოდნაზე, ფინანსურ შესაძლებლობებსა თუ კარგ კონტაქტებზე. თითოეული ამ კომპონენტის ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ შემდგომში ბიზნესის გადარჩენის დიდი შანსია. როდესაც ბანკიდან გამოგაქვს სესხი, კარგად არ გაქვს გათვითცნობიერებული ის საქმე, რომელიც გინდა რომ დაიწყო, ბუნებრივია პრობლემები თავს იჩენს და მათი გარემო ფაქტორებზე გადაბრალება არაადეკვატურია“, - აღნიშნავს აფბა-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

შოთა გულბანის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის სეგმენტი, რომელიც ხელს უწყობს საერთო ეკონომიკური კეთილდრეობის ზრდას. მთავრობის მხრიდან ამ სფეროს მხარდაჭერა კი ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ჩემი აზრით, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სტარტაპები მინიმუმ ორი წელი გადასახადისაგან უნდა იყვნენ გათავისუფლებულნი. მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა იმუშოს ისე, რომ საწყის ეტაპზე გადასახადები მისთვის არ წარმოადგენდეს წნეხს. ევროპის გამოცდილებას რომ მივყვეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის 99%-ს ქმნის. ეს სეგემენტი ევროპაში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, საქართველოში კი სათანადო ყურადღება არ ექცევა“, - აღნიშნავს შოთა გულბანი.

კომპიუტერული მომსახურების ფირმა F1 შვიდი წელია, რაც შეიქმნა და როგორც მისი დამფუძნებელი გუგა ბარბაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანია არაერთხელ დადგა სხვადასხვა საფრთხის წინაშე. პირველივე თვეებში ბაზრიდან გასვლა და საქმიანობის სახლიდან გაგრძელება მოუწიათ, თუმცა დღესდღეობით ფირმა სფეროში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გუგა ბარბაქაძე აღნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატება საკმაოდ ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, პირველი რთული ეტაპი, რომლის წინაშეც მცირე ბიზნესის ყველა წარმომადგენელი აუცილებლად დგება, სამი თვის თავზე იწყება და დაახლოებით ერთ წლამდე გრძელდება. თუ ბიზნესმა ეს პერიოდი გადალახა და ფუნქციონირება გააგრძელა, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა და შეუძლია წარმატებისკენ სვლა.

„ერთიდან შვიდ წლამდე ბიზნესი ვითარდება ნელი ტემპით და ამტკიცებს რომ გადარჩა, შვიდი წლის შემდეგ კი იწყებს განვითარებას დიდი ნაბიჯებით ან რჩება ერთ დონეზე, რაც შემდგომ განაპირობებს კიდეც მის კრახს. ეს პროცესი ძალიან ჰგავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, თუ ხელს არ მოუსმევ და გაჩერდები მდინარე აუცილებლად წაგიღებს“, - ამბობს გუგა ბარბაქაძე.

მისი თქმით, პირველ რიგში გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული გარემო, ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ის ძირითადი შეცდომები, რის გამოც დახურვის საფრთხის წინაშე დგებიან პატარა კომპანიები, ხშირად გარეფაქტორებზე დამოკიდებული არ არის.

,,ძირითადი პრობლემა გეგმის არქონაა. გეგმა, რა თქმა უნდა არ არის სტატიკური და ის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ კომპანიამ აუცილებლად უნდა იცოდეს,  სად არის, საით მიდის, რა რესურსები სჭირდება. გზადაგზა დაბრკოლებები აუცილებლად შეხვდება, მათ გადასაჭრელად კი ბიზნესში გარკვეული გეგმის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა ფინანსების არასწორად ხარჯვა, კაპიტალის მიზნობრივად განაწილება აუცილებელია. მით უმეტეს, საწყის ეტაპზე. თანხა უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ისეთ საჭიროებებში,რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გარკვეულ უკუგებას მოუტანს კომპანიას“, - აღნიშნავს F1-ის დამფუძნებელი.

გუგა ბარბაქაძის თქმით, ნებისმიერი მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი უნდა ეცადოს, სწორად გათვალოს სამომხმარებლო ბაზა, რადგან მოთხოვნის გადაჭარბება მათ მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხზე იმოქმედებს, რაც კლიენტებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ,,კლიენტი მეორე შანსს არასდროს არ გაძლევს. ამ დროს დგება ზუსტად ბიზნესის კრახი. განვითარება თანმიმდევრული და ჰარმონიული უნდა იყოს, კომპანიის წინსვლას თან უნდა სდევდეს კლიენტების მოზიდვა, კლიენტების მოზიდვას კი პირიქით, კომპანიის წინსვლა“, -ამბობს გუგა ბარბაქაძე.

ქრისტინე გამთენაძე