"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" და "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ" მემორანდუმი გაფორმეს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისა" და "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. როგორც "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრიდან აცხადებენ," შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრსა" და "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას" შორის. მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და კოორდინირებული მუშაობა ასოციაციის, როგორც საშუამავლო რგოლის, დახმარებით. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად და შემდგომში ურთიერთობის გაღრმავების მიზნით შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი.

შეხვედრის ფარგლებში, "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" წარმომადგენლებმა შეკრებილ აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელშიც ასოციაციის წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობა.