ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს ღვინის ექსპორტი 2014 წელთან შედარებით შემცირდა

2015 წელს ღვინის ექსპორტი 2014 წელთან შედარებით 39%-ით არის შემცირებული. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2015 წლის მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი მატება წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი ღვინო.

ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებშიც: პოლონეთი -3% (1 600 302 ბოთლი), ლიტვა - 4% (658 666), ესტონეთი - 54% (506 124), ნიდერლანდები - 58% (51 432), საფრანგეთი - 190% (37 956), დანია - 100% (34 840). ასევე, ექსპორტი გაიზარდა ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა: აშშ - 31% (248 075), კანადა - 48% (157 836), იაპონია - 5% (138 290), ყირგიზეთი - 79% (185 514), ისრაელი - 48% (35 820), კორეა - 37% (24 054) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 18 308 177 ბოთლი, ყაზახეთი - 5 195 949 ბოთლი, უკრაინა - 3 412 453 ბოთლი, ჩინეთი - 2 672 154 ბოთლი და პოლონეთი - 1 600 302 ბოთლი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის მიუხედავად, რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-51%) და უკრაინაში (-56%) ექსპორტის მკვეთრი კლება აისახა წლიური ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით შემცირებულია. ამასთან, ექსპორტის საერთო მაჩვენებელი შემცირებულია მხოლოდ 2014 და 2013 წლებთან შედარებით, როდესაც რამდენიმეწლიანი ემბარგოს შემდეგ რუსეთის ბაზარი გაიხსნა და ამ ქვეყანაში ექსპორტმა პიკს მიაღწია.

გარდა ამისა, საქართველოდან მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,9 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი, რაც თანხაში 26,5 მლნ აშშ დოლარია. გასულ წელს მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 118 890 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, 466,3 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით. მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წელს 146,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე