კომპანია "კოკა-კოლამ" უკრაინას ბოდიში მოუხადა

კომპანია "კოკა-კოლამ" უკრაინას ბოდიში ოფიციალურად მოუხადა. წერილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის სახელით აშშ-ში უკრაინის საელჩოს გადაეცა და დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "კოკა-კოლამ" ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც რამდენიმე დღის წინ კომპანიის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელდა რუკა, სადაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაშია.

წერილის თანახმად, აღნიშნული რუკა ერთ-ერთმა სააგენტომ, კომპანიის ოფიციალური ნებართვის გარეშე მოამზადა. "კოკა-კოლას" ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინული ბაზარი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია და აქტიურ მუშაობას კვლავ განაგრძობს.

როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, საშობაო სარეკლამო აქციის ფარგლებში, სოციალურ ქსელ "ვკონტაკტეში" "კოკა-კოლას" რუსულმა წარმომადგენლობამ რუსეთის რუკა ყირიმის გარეშე გამოაქვეყნა, რასაც რუსი მომხმარებლის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ გამოქვეყნდა ახალი რუკა ყირიმთან ერთად, თუმცა ამჯერად, პროტესტი აშშ-ში უკრაინის საელჩომ გამოთქვა.

დიპლომატიურ მისიაში აღნიშნეს, რომ "კოკა-კოლას" ქმედებები აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება, რომელიც ყირიმს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილად მიიჩნევს. ამ ინციდენტის გამო უკრაინელმა დეპუტატებმა მოუწოდეს მოსახლეობას, "კოკა-კოლას" პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადონ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე