გაზაფხულიდან ქართულ ბაზარზე ხაშზე გამომცხვარი პური გაიყიდება

2016 წლის გაზაფხულზე კომპანია ”იფქლი” წარმოებაში ხაშზე დამზადებულ პროდუქციას ჩაუშვებს.

ამის შესაეხებ კომპანია ”იფქლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბაქარ ბაკურაძემ PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.

ბაქარ ბაკურაძის თქმით, საქართველოში პურის ცხობის არასრული ტექნოლოგია გამოიყენება. მას შემდეგ, რაც ხაშის ცხობის ტექნოლოგია პურის ბიზნესში გაქრა, მომხმარებელი მოტყუებული დარჩა.

”მომხმარებელი მოტყუებული დარჩა იმიტომ, რომ იმ ხარისხს ვერ იღებს, რაშიც ფულს იხდის. როდესაც ეს საკითხები უცხოელ კოლეგებთან გავიარეთ, ყველა გაკვირვებული დარჩა, რატომ იყო ეს პროცესი - პურის ხაშზე ცხობა ადგილობრივი პურის მწარმოებელისგან უარყოფილი. ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაგვებრუნებინა ეს მეთოდი საქართველოში. ამ მეთოდით პატარა მწარმოებლები რამდენიმე დასახელების პურს შესაძლოა, დღესაც აწარმოებენ. მაგრამ მასიურ წარმოებაში მთლიანად ხაშზე ცხობაზე რომ გადავიდეს წარმოება, ჯერ ეს ჩვენთან არ არსებობს”, - განაცხადა ბაკურ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, კომპანია ”იფქლი” მომხმარებელს ხაშზე დამზადებულ პურს გაზაფხულიდან შესთავაზებს: ”იფქლი” იქნება პირველი კომპანია, რომელმაც უკვე დანერგა ეს ყველაფერი. ჩამოვიტანეთ დანადგარები, რომლებიც მთლიანად ავტომატიზირებულია, მართვა კომპიუტერულად ხდება. ამჟამად ტესტირება მიმდინარეობს. გამართვის პროცესში ვართ. როდესაც ეს პროცესები მთლიანად დამთავრდება, ერთობლივად გვინდა ჩავუშვათ წარმოებაში გაზაფხულზე. ”იფქლის” მთელი პროდუქცია ხაშზე დამზადებული იქნება. ეს არის პურის ცხობის 6-საათიანი პერიოდი, ტექნოლოგიის სრული დაცვით”, - აღნიშნა ბაკურ ბაქრაძემ PALITRANEWS- ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში”.