როგორ მიაღწია წარმატებას გაყიდვების ახალგაზრდა მენეჯერმა

მსოფლიოში ყოველწამიერად და ყოველწუთიერად ასობით ათასი ტონა საქონელი იყიდება, იდება მილიონობით გარიგება და ფორმდება ათასობით ხელშეკრულება.

ამ ყველაფრის უკან კონსულტანტების, სავაჭრო და სარეკლამო აგენტების, გაყიდვების მენეჯერთა დიდი არმია დგას.

დასაქმების ბაზარზე გაყიდვების მენეჯერი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა. ცოტა ხნის წინ CareerBuilder-ისა and Economic Modeling Specialists Intl.-ის მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, გაყიდვების მენეჯერი 2016 წლის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათეულში დასახელდა. კვლევის მიხედვით, აშშ-ში გაყიდვების მენეჯერის საათობრივი ანაზღაურება საშუალოდ 53,20 დოლარია.

გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მოთხოვნები დაახლოებით ასე გამოიყურება: ენერგიული, 20-დან 40 წლამდე ადამიანი, უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლებით, რომლისთვისც უცხო ენების ცოდნა სავალდებულო არ არის. „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში გაყიდვების მენეჯერის 60 პროცენტზე ოდნავ მეტი მამაკაცზე მოდის, დანარჩენი კი ქალბატონებზე.

გაყიდვების მენეჯერზე მოთხოვნა ისევე, როგორც დაინტერესება დასაქმებების მსურველთა მხრიდან სულ უფრო იზრდება ქართულ ბაზარზეც. 24 წლის მარიამ ნონიკაშვილი „პალიტრა მედიას“ გუნდს თითქმის ერთი წელია შეუერთდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გაყიდვების მიმართულებით.

„წელიწადნახევრის წინ გავიარე კურსი გაყიდვების მიმართულებით, რის შემდეგაც მოვხვდი „პალიტრა მედიაში“. თავდაპირველად მუშაობა ჩვეულებრივ დავიწყე, დავინიშნე ინტერნეტ-გაყიდვების მიმართულებით მენეჯერად. ჩემი მუშაობის პირველი წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს რა თქმა უნდა, კომპანიის დამსახურებაა, რადგან აქ ყოველდღე არის სიახლეები, ყოველდღიურად გეძლევა ზრდის, ახალი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა კომფორტულად მოემსახურო თითოეულ კომპანიას, რომლებიც არიან ჩემი დამკვეთები“.

მარიამ ნონიკაშვილის თქმით, როგორც მენეჯერისთვის, ასევე დამკვეთისათვის დიდი კომფორტია, როდესაც შეთავაზებები მრავალფეროვანია. ამ ეტაპზე „პალიტრა მედია“ დაახლოებით 25 საიტს აერთიანებს, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტმიმართულებით კუთხით სთავაზობს პროდუტს მომხმარებელს, იქნება ეს საბანერო რეკლამა, ვიდეორეკლამა თუ სტატიები.

„აუცილებელია გაიგო კომპანიის შიდა საქმიანობა, სფერო, რა აუდიტორიის მოცვა უნდა, რისი მიღება სურს კონკრეტულად. ამ ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქრდე, დაალაგო, რომ სწორი შეთავაზება გააკეთო და სწორი მიმართულებით წაიყვანო. ძალიან დიდი სტიმულია, როცა კომპანიაში გეძლევა იმის საშუალება, რომ ყველა დამკვეთს მათი მოთხოვნის მიხედვით მოერგო და არა - კონკრეტული ერთი შეთავაზებით“, - ამბობს მარიამი.

ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში, წარმატება არც გაყიდვების სფეროში მოდის თავიდან. გაყიდვების მენეჯერის პროფესიას თან ახლავს რთულად გადასალახი ბარიერები, სირთულეები, განსაკუთრებით როცა თავიდან იწყებ საქმიანობას.

„თავიდან იყო რთულად გადასალახი ბარიერები. ძნელია, თავიდან როცა ამ სფეროში ხვდები, მით უმეტეს არის მაღალი კონკურეცია და ძნელია საკუთარი ადგილის დამკვიდრება.

ზოგჯერ იყო ჩავარდნებიც. მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა შესაძლებელია. ამ საქმიანობაში რაც უფრო მეტს აკეთებ, მით უფრო მეტი აზარტი გიჩნდება, რომ მომავალში ერთ ეტაპზე არ იყო გაჩერებული, უფრო ბევრი შეძლო და რეალურად მეტი გააკეთო. თუ „პალიტრა მედიაში“ ჩემი მუშაობის ერთ წელს შევაჯამებ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავართვი თავი საქმიანობას და ვხვდები, რომ სწორედ იმ ადგილას ვარ, სადაც საჭიროა. თუ თავიდან ჩემი დამკვეთების რაოდენობა დაახლოებით ხუთი იყო, დღეს მათი რიცხვი ასამდეა გაზრდილი და ეს, ბუნებრივია, ჩემს ყოველთვიურ შემოსავალზეც აისახება”, - ამბობს მარიამი.

ახალგაზრდა გაყიდვების მენეჯერის თქმით, მისი პროფესიის ადამიანი აუცილებლად კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული იმ პროდუქტში, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს.

ამ ყველაფრის დასაბალანსებლად გაყიდვების მენეჯერი, რომელიც „შუამავალია“ კომპანიასა და დამკვეთს შორის, პირველ რიგში, უნდა იყოს თავდაჯერებული, იცოდეს საკუთარი საქმე, გააზრებული ჰქონდეს პროდუქტის შინაარსი, რომელსაც ყიდის და რა თქმა უნდა, იყოს აზარტული.