ყველაზე უჩვეულო მილიარდერები

„ფორბსის“ მილიარდერთა სიის ყოველი ახალი პუბლიკაციის შემდეგ იწყება იმის დათვლა, რამდენი მილიარდერია თითოეულ ქვეყანასა თუ დედაქალაქში, რამდენი მამაკაცი და ქალია, რამდენი უცოლო და რა არის მათი შემოსავალის წყარო. გაირკვა, რომ უმდიდრესი ადამიანების ბოლო რეიტინგში, ყველაზე მეტი მილიარდერი (139, საერთო სიმდიდრე - $526 მილიარდი) დაკავებულია საინვესტიციო ბიზნესით, მეორე ადგილზე (129, $628 მილიარდი) არიან ადამიანები, ვინც მოდის ბიზნესში და ვაჭრობით იშოვეს ფული, მესამე ადგილზე კი (91, $398 მილიარდი) ენერგეტიკოსები არიან.

მილიარდერთა რეიტინგში ასევე არიან რიელტორები, ტექნოლოგები, ფინანსისტები, მეტალურგები. თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა გამოცდილება სხვას არავის გაუმეორებია: მათი იმპერიები იშვიათ დარგში შეიქმნა, საბანკო ანგარიშები კი უჩვეულო საქმიანობის წყალობით შეივსო. მათ შორის არიან არომატების მბრძანებელი ჰონკონგიდან, ლიფტებისა და ექსკალატორების მმართველი ფინეთიდან, ფანჯრების ჟალუზების ჰოლანდიელი იმპერატორი, კვერცხების უკრაინელი მეფე და ნარკობარონიც კი.

ტკბილი ცემენტი

აფრიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი ნიგერიელი შაქრის მეფე ალიკო დანგოტე გახლავთ (#51 „ფორბსის“ რეიტინგში, $13,8 მილიარდი). გარდა ამისა, დანგოტე არის მეწარმე, რომლის შემოსავალი ყველაზე სწრაფად გაიზარდა - 2010 წელს 557%-ით. ზრდის კატალიზატორი ბირჟაზე დანგოტეს ცემენტის კომპანიის გამოსვლა გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ მთელი ნიგერიული საფონდო ბაზრის მეოთხედი შეადგინა.

1977 წელს შექმნილი პატარა სავაჭრო ფირმა დროთა განმავლობაში უზარმაზარ კონგლომერატად იქცა. თავდაპირველად ფირმა შაქარს გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და ტკბილეულობის მწარმოებლებს ამარაგებდა შაქრით, შემდეგ კი მისი გავლენა ცემენტის ბიზნესში არა მხოლოდ სამშობლოში, განასა და ბებინშიც გავრცელდა. შენდება ახალი საწარმოები ზამბიაში, ტანზანიაში, კონგოსა და ეთიოპიაში, განმტვირთავი ტერმინალები კი სიერა-ლეონესა და ლიბერიაში.

დანგოტეს წარმატებას მმართველი სახალხო დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერას მიაწერენ: 2003 წელს ყოფილი პრეზიდენტის ობასანჯოს გადარჩევის კამპანიას დანგოტემ $200 მილიონზე მეტი დაახარჯა, ასევე მხარი დაუჭირა ქვეყნის შემდეგ მმართველს უმარუ უსა იარ-ადუას. დღესდღეობით კომპანია Dangote Group დომინირებს ნიგერიული მარილის, ბრინჯისა და ტექსტილის ბაზარზე, ასევე ითვისებს ახალ მიმართულებებს - სატრანსპორტო და ნავთობისა და გაზის. ბოლო დაბადების დღეზე დანგოტემ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა - 45 მილიონიანი ახალთახალი თვითმფრინავი Bombardier. ბრიტანული Daily Mirror ირწმუნებოდა, რომ დანგოტე გუნდი Arsenal-ის 16%-ის ყიდვას აპირებს, თუმცა ეს ჭორი მილიარდერმა უარყო.

ხეების შემლოცველი

მალაიზიელი მილიარდერის ლი შინ ჩენგის (#208, $5 მილიარდი) IOI Group-ი პალმის ზეთის წარმოებით შეიქმნა, რომელიც საკვებ, კოსმეტიკურ და მეტალურგიულ მრეწველობაში გამოიყენება, დღეს კი IOI Group მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია. ჯგუფი აგრეთვე მალაიზიაში, ინდონეზიაში, ევროპასა და აშშ-ში დეველოპმენტით არის დაკავებული.

ჩინელი დახლიდარის შვილი ლი კაუჩუკის პლანტაციაზე გაიზარდა და 11 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება, რათა ოჯახს დახმარებოდა. ბოლოს და ბოლოს მან საშუალო განათლება მიიღო, მაგრამ კომპანია Dunlop-ის პალმის პლანტაციის მმართველად არ მიიღეს, რადგან ინგლისურს არ ფლობდა კარგად. 20 წლის შემდეგ ლიმ ეს ფირმა შეიძინა და ამ დღეს ყველაზე ბედნიერ დღედ მიიჩნევს თავის ცხოვრებაში. ლი პალმებს თავის ”დაქალებს” უწოდებს, კონკურენტებმა და ჟურნალისტებმა კი მას მეტსახელად ხეების შემლოცველი უწოდეს, საკუთარ პლანტაციებში გაუთავებელი სეირნობების გამო.

არომატების მბრძანებელი

ჰონკონგური Huabao International-ის პრეზიდენტის ჩუ ლამ იუს (#409, $2,8 მილიარდი) სახელი მსოფლიოში არავის არაფერს ეუბნებოდა, სანამ იგი 2008 წელს „ფორბსის“ ფურცლებზე არ აღმოჩნდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მილიარდერი. მაშინ იგი 38 წლის იყო და $1,3 მილიარდით 760-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას არაფერი მიუღია მემკვიდრეობით, საკუთარი ბიზნესი თავადვე შექმნა. დაიწყო პარფიუმერული ბიზნესებითა და სანელებლების გაყიდვით, 10 წელიწადის განმავლობაში კი ნამდვილი საინვესტიციო იმპერია ააშენა. ჩუ ლამ იუს არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა, მაგრამ მან უამრავ გარიგებაში ნამდვილ ბიზნეს-სტრატეგად გამოავლინა თავი. მისი ჰოლდინგის შვილობილი კომპანიები სამეცნიერო კვლევებს, პარფიუმერიას, თამბაქოსა და საკვებ არომატებს აწარმოებენ.

ლიფტი სიმდიდრისკენ

ფინელ ანტი ჰერლინგს (#651, $1,9 მილიარდი) ბიზნესი მამისგან, პეკი ჰერლინგისგან ერგო მემკვიდრეობით. მამას კი ბაბუისგან, ჰაროლდ ჰერლინგისგან, რომელმაც 1924 წელს იყიდა ლიფტების მწარმოებელი ფირმა KONE. დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი უფრო მდიდარი იქნებოდა, მემკვიდრეობა და-ძმისთვის რომ არ გაეყო.

მათი მამა, რომლის ცხოვრებაც ჟურნალისტმა ჯონ სიმონმა თავის წიგნში ”თავადი KONE” აღწერა, ფსიქიური აშლილობის მქონე დესპოტი იყო. მისი საყვარელი ფილმი გახლდათ ”ნათლიმამა”, იდეალი კი მაფია, ოჯახისადმი უაზრო ერთგულებით. სიკვდილის წინ პეკიმ მემკვიდრეობა შეცვალა და მთელი ქონება უფროს ვაჟიშვილს, ანტის დაუტოვა. სკანდალი საბოლოოდ ანტის გადაწყვეტილებამ ჩააცხრო, და-ძმა მულტიმილიონერებად ექცია.

წვიმაში მოსეირნე

2010 წელს ხე ჩიაონუმ (#782, 1,6 მილიარდი), ლანდშაფტის არქიტექტორმა და Beijing Orient Landscape-ს მფლობელმა ქონება გააორმაგა, რისი წყალობითაც, „ფორბსის“ რეიტინგში აღმოჩნდა. ჰოლდინგში, რომელიც 2009 წლიდან შენჟენის ბირჟაზე ვაჭრობს, ხე ჩიაონუს 72% ეკუთვნის. ჩინელ მდიდარ ადამიანებს თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი აინტერესებთ, ოღონდ ჩინური ელემენტებით. ამიტომაც ჩიაონუს ჰოლდინგის 400 დიზაინერი აშენებს გოლფის სათამაშო მოედნებს პეიზაჟებით, რომლებიც კლიენტებისთვის შუასაუკუნეების ნახატებიდან არის ცნობილი. ჩიანოუმ "ფორბსთან" ინტერვიუში აღიარა, რომ უყვარს წვიმაში სეირნობა.

დუდანა ზაქარაია