თემურ ჭკუასელი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წევრებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან მის ბიზნესში დასაქმებას დაპირდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი თემურ ჭკუასელი ადასტურებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგურამოს კორპორატიულ შეკრებაზე საპარლამენტო სიის შედგენასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კერძოდ, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში, მასთან ბიზნესში.

"ისიც გაკვრით ითქვა, რომ ქვეყნისთვის გასაკეთებელი ბევრია. სხვა სახის არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ ყოფილა. იქ, სადაც თამადა მე ვარ, სიმღერა და ხუმრობაა", - აღნიშნა თემურ ჭკუასელმა. ამასთან, დეპუტატის ცნობით, გუშინდელი შეხვედრა პირადად მან ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკისთან ერთად დაგეგმა. ჭკუასელის განმარტებით, თავიდანვე გამოითქვა სურვილი, რომ ყოფილიყო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეკრება ყოფილ და მოქმედ პრემიერებთან ერთად.