შპს "ვასაძის პური" ტკბილეულის წარმოებას იწყებს

შპს "ვასაძის პური" ტკბილეულის წარმოებას იწყებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ქართულ ბაზარს კიდევ ერთი ადგილობრივი პროდუქცია შეემატება, კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შპს "ვასაძის პური" 2016 წლიდან საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს და ტკბილეულის წარმოებას დაიწყებს.

სამინისტროს ცნობით, "ვასაძის პური" კვების მრეწველობაში მომუშავე კომპანიაა, რომელიც პურ-ფუნთუშეულისა და ორცხობილების წარმოებაზეა ორიენტირებული და ამჟამად ტკბილეულის საწარმოებლად ახალი ხაზის დამატებას გეგმავს. უწყების ცნობით, პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 576 111 აშშ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 265 ადამიანს შეადგენს. როგორც "ვასაძის პურის" წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია გეგმავს საქართველოს ბაზარზე პოზიციები გაიმყაროს და კონკურენტუნარიან საწარმოდ ჩამოყალიბდეს. უახლოეს მომავალში კომპანია ISO 9001 სერტიფიკატის აღებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.