ებრაული ავიაკომპანია თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, "ტავ ჯორჯიასა" და ებრაულ ავიაკომპანია “El Al Israel Airlines”-ის შვილობილ კომპანია „Sund’OrAirlines”-ს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ, რომლის ფარგლებშიც ისინი, "ტავ ჯორჯიას"  შუამდგომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით ხუციშვილს და ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

“Sund’Or Airlines” ქართულ ავიაბაზარზე 2016 წლის ივნისიდან შემოვა. ებრაული ავიაკომპანია ფრენებს თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ერთხელ - სამშაბათობით, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს, Boeing 737-800 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

“El Al Israel Airlines”-ის შვილობილი კომპანია „Sund’Or Airlines” 1977 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის „Sund’Or Airlines“ ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს 40 მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის ევროპის, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ხოლო რაც შეეხება ისრაელის ნაციონალურ ავიახაზებს, „El AlIsrael Airlines” 1948 წელს დაფუძნდა და მისი სათაო ოფისი თელ-ავივში მდებარეობს. ავიაკომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ფრენებს 52 მიმართულებით ასრულებს. ამჟამად “El Al Israel Airlines”- ის ავიაპარკი 41 საჰაერო ხომალდისაგან შედგება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე