საქართველოში პირველი სამედიცინო ველნეს კურორტი ”ბიოლი” გაიხსნა

კოჯრის სარეკრეაციო ზონაში სამედიცინო ველნეს კურორტი “ბიოლი” გაიხსნა, რომელიც შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ ეკუთვნის.

როგორც „მედგრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა თეა გადრანმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, პროექტს სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ექიმი თამაზ მჭედლიძე ახორციელებს.

„პროექტის ავტორი გახლავთ თამაზ მჭედლიძე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ექიმი გახლავთ. ამ ადამიანმა თავის დროზე დააარსა კლინიკების ქსელი, რომელიც მოიცავს ესთეტიკურ მედიცინას, პლასტიკურ ქირურგიას, სტომატოლოგიას და საოჯახო მედიცინას, ასევე, უმაღლესი განათლების შემდგომ გადასამაზადებელ კურსებს. 2007 წლიდან ბატონმა თამაზმა საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა დაიწყო სამედიცინო კურორტის გახსნის მიზნით. საბოლოო ჯამში, შეირჩა კოჯორი”, - აღნიშნა თეა გადრანმა.

მისივე ინფორმაციით, შპს ”მედგრუპ ჯორჯია” 2007 წელს დაფუძნდა და მისი ერთადერთი დამფუძნებელი, ასევე 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ მჭედლიძეა.

”პროექტი გრძელდება. ჩვენ 5 წელი გვაქვს გათვლილი საბოლოო შედეგის მისაღწევად. ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით 30 მილიონი დოლარი იქნება”, - განაცხადა შპს ”მედგრუპის” დირექტორმა.

კომპანიის ინფორმაციით, სამედიცინო ველნეს კურორტის, ”ბიოლის” იდეოლოგია და კონცეფცია დაფუძნებულია ადამიანის არა ფსიქოლოგიურ კომფორტზე და სიამოვნებაზე, არამედ სამედიცინო მეცნიერულ თეორიებზე აგებულ, კონტროლირებად და გაზომვად გაჯანსაღების პროცესზე.

”ბიოლში“ სიცოცხლის ერთეულის, ანუ უჯრედის დონეზე ხდება ორგანიზმის ფუნციონირების ეფექტურობის დიაგნოსტიკა და მიღებული შედეგების საფუძველზე ინიშნება ინდივიდზე მორგებული კონკრეტული ველნეს პროგრამა, რაც მოიცავს როგორც ფუნქციონალურ კვებას სამკურნალო მცენარეების დანამატებით, ასევე ანტისტრესულ ფიზიკურ აქტივობებს, სათანადო სპათერაპიებს და ინდივიდუალურად ორგანიზმზე მორგებულ სხვადასხვა პროცედურებს.

იხილეთ ასევე

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე