”ჩირკოლადი” პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს

ეკოლოგიურად სუფთა ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანია ”ჩირკოლადმა” საქართველოში ჰოლანდიელი ინსტრუქტორი ჩამოიყვანა, რომლის დახმარებით კომპანია პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” ”ჩირკოლადის” დამფუძნებელმა, გოჩა კუპრეიშვილმა განუცხადა.

”ჩვენ მოვიწვიეთ ჰოლანდიელი ინსტრუქტორი, რომელიც წარმოებაში და ევროპის ბაზარზე გაყვანაში დაგვეხმარება. პირველ ეტაპზე რაც ნახა, ყველაფერი მოეწონა და კონსულტაციები გაგვიწია. მაისში ისევ აპირებს ჩამოსვლას, ევროპის ბაზარზე გასვლას დრო დასჭირდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა გოჩა კუპრეიშვილმა.

”ჩირკოლადი” მესამე წელია, რაც საქმიანობს. კომპანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, რომელიც არ შეიცავს ემულგატორებს.

„ ჩვენს პროდუქტს შენახვის ვადა ხანგრძლივი არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა”, - აღნიშნა გოჩა კუპრეიშვილმა.

”ჩირკოლადის” საწარმო დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ბაღდათში მდებარეობს. ჩირის დასამზადებლად საჭირო ნაყოფს ადგილობრივი გლეხებისგან იღებს. კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს. რაც შეეხება ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანას, გოჩა კუპრეიშვილის ინფორმაციით, ამისთვის მინიმუმ, ერთი წელია საჭირო.

თამარ კორკოტაშვილი