თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები 1 მარტიდან დროებით შეჩერდება

1 მარტიდან 27 მარტამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ TAV Georgia-ს აეროპორტის საინფორმაციოში განუცხადეს, დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება. სარემონტო სამუშაოები რამდენიმე ფაზად ჩატარდება. შესაბამისად, აეროპორტში დღის რეისები აპრილსა და მაისშიც შეჩერდება გარკვეული პერიოდი. თუმცა, ამ ეტაპზე აეროპორტში არ აკონკრეტებენ ახალ განრიგს.

ამასთან ერთად, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებენ. არსებული ინფორმაციით,  ავიაკომპანიებმა, რომლებიც ინფორმირებული არიან სარემონტო სამუშაოების ჩატარების თაობაზე, თავად უნდა გადაწყვიტონ გადაიტანენ ღამის რეისზე ფრენებს თუ გააუქმებენ.