საქართველოდან მსოფლიოში ღვინის ექსპორტმა იმატა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1521802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.

ამავე პერიოდში მსოფლიოს 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 562930 ბოთლი ბრენდი, რაც 104%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის ბრენდის ექსპორტს. ექსპორტირებულია 1,51 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 960462 ბოთლი, უკრაინა - 199722, პოლონეთი - 114276, ჩინეთი - 45160 და ლიტვა - 44850 ბოთლი.

ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი - 162%, პოლონეთი - 22% და ლიტვა - 34%.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარში 6,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე