Samsung-მა Apple-ს ისევ აჯობა

2015 წელს მსოფლიო მასშტაბით სმარტფონების გაყიდვებმა 1,4 მილიარდს გადააჭარბა,

რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-თ მეტია. 2015 წელი სმარტფონების ბაზარზე გამორჩეული იყო რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „სამსუნგსა“ და Apple-თან ერთად, ლიდერთა ხუთეულში აღმოჩნდნენ ბიუჯეტური ჩინური კომპანიები, როგორებიც არიან Huwaei, Lenovo და Xiaomi.

რაც შეხება 2015 წლის გაყიდვების ლიდერს, ეს წოდება კიდევ ერთხელ შეინარჩუნა სამხრეთ კორეულმა Samsung-მა, რომელმაც 324.8 მილიონი სმარტფონი გაყიდა. თუმცა „სამსუნგის“ გაყიდვების ზრდა ბევრად ჩამოუვარდება კონკურენტების მაჩვენებელს. მეორეადგილოსანმა Apple-მა 231.5 მილიონი სმარტფონი გაყიდა, თუმცა ზრდამ 2014 წელთან შედარებით 20%-ს გადააჭარბა. აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წელს Apple ბაზარზე მხოლოდ 5 სმარტფონით იყო წარმოდგენილი მაშინ, როცა მისი უშუალო კონკურენტი ათეულობით მოდელს ყიდის.

International Data Corporation-ის კვლევის თანახმად, Samsung-ი დიდი წნეხის ქვეშაა კონკურენციის მხრივ როგორც Apple-ისგან, ასევე დაბალფასიანი ჩინური კომპანიებისგან და შესაბამისად, ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა.

წლევანდელი მონაცემებით, ასევე გაირკვა, რომ Huawei 2015 წელს ისტორიის განმავლობაში მეოთხე კომპანია (Nokia, Samsung და Apple-ის შემდეგ) გახდა, რომელმაც 1 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.

რაც შეეხება ბაზრის სხვა მოთამაშეებს, როგორებიც არიან LG, HTC, Microsoft და სხვები, ისინი სმარტფონების ბაზარზე ჯამში 43.6%-ს იკავებენ და მათი გაყიდვების მაჩვენებელი 2015 წელს 4,2%-ით გაიზარდა.

bpn

კოკა კვირკველია