El Al Israel Airlines ზაფხულიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია El Al Israel Airlines ზაფხულის სეზონიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულებას დაიწყებს.

რეისების შესრულების დეტალები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ის და კომპანია TAV-ის წარმომადგენლებთან განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა თელ-ავივსა და თბილისს შორის კვირაში ერთხელ, ხოლო თელ-ავივსა და ბათუმს შორის კვირაში ორჯერ, "ბოინგ 737-800" და "ბოინგ 737-900" ტიპის ლაინერებით შესრულდება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოს 60 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2014 წელთან შედარებით 40%-ით მეტია. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ-ათეულში ისრაელი მე-6 ადგილს იკავებს.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში აქტიური მედია კამპანია ჩაატარა და მარკეტინგული კამპანია წელსაც გაგრძელდება.

აღმოსავლეთ ევროპაში El Al Israel Airlines-ის რეგიონული მენეჯერის იგორ ვაისბურგის განცხადებით, პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საქართველოსა და ისრაელის ტურიზმის განვითარებისათვის დიდი იმპულსი იქნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე