ყველაზე სახიფათო და პოპულარული პროდუქტები

„რაც გემრიელია, თითქმის ყოველთვის მავნებელია“ - გვირჩევენ დიეტოლოგები, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი მარტო ზედმეტი წონის მიზეზი კი არ ხდება, ადამიანის ჯანმრთელობასაც აზიანებს. დღეს საკვები პროდუქტების წარმოებაში უხვად იყენებენ ისეთ დანამატებს, როგორიცაა კონსერვანტები, შაქრის შემცველები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, ფერის მიმცემი თუ სხვა ქიმიური ნივთიერებები. ზოგიერთი მათგანის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე სათანადოდ არც არის შესწავლილი, თუმცა მათი დიდი ნაწილი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“ ხშირად იკვლევენ ქართულ ბაზარზე არსებულ სასურსათო პროდუქციას. როგორც ამ ორგანიზაციის ექსპერტმა, პროფესორმა ეთერ სარჯველაძემ გვითხრა, ამ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელშიც ყველაზე ხშირად პოულობენ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს. ეს პროდუქტები არასწორი დამზადებისა და შენახვის პირობების დარღვევის გამო უკიდურესად მავნებელი ხდება. გთავაზობთ სურსათის ექსპერტის მიერ დასახელებული ყველაზე სახიფათო პროდუქტების ჩამონათვალს:

შებოლილი ძეხვი, ხორცი და თევზი - ეს პროდუქცია საქართველოში ძალიან პოპულარულია. ცოტამ თუ იცის, რომ შებოლვის დროს ხორცპროდუქტებში მიკრობების გამრავლების რისკი ძალიან მაღალია, თანაც, შებოლვა ხშირად კარცენოგენის წარმოქმნის მიზეზიც ხდება. ამგვარი პროდუქტის მცირე რაოდენობით მიღებამ შეიძლება ადამიანს არ ავნოს, მაგრამ მისი ხშირი მიღება სასარგებლო ნამდვილად არ არის. შებოლილ პროდუქტებს ფერის მისაღებად ნიტრიტებსაც უმატებენ, რომლებიც საშინელ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სისხლის ფორმულაზე. თუ შებოლილი ხორცი შეუფერებელ პირობებში ინახება, რისკი კიდევ უფრო მატულობს, მაგრამ არასწორი შებოლვაც საკმარისია ბაქტერიების განვითარებისთვის. კვამლი თვითონაც გამოყოფს კარცენოგენურ ნივთიერებებს, ამიტომ შებოლილი პროდუქტის სისტემატური მიღება რეკომენდებული არ არის.

ჰოთ-დოგები და ჰამბურგერები - მათში დიდი რაოდენობით არის ტრანსცხიმები და სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალზე მავნებელია. თანაც, მათი დამზადების პროცესში მეწარმეები ხშირად უშვებენ შეცდომებს. პური, რომელშიც ჰოთ-დოგის, ან ჰამბურგერის შიგთავსს დებენ, საუკეთესო არეა მიკრობების განვითარებისათვის, სასურველია ჰოთ-დოგი, ჩიზბურგერი თუ ჰამბურგერი ახალი დამზადებული იყოს, მაგრამ ადამიანი ვიზუალურად ვერასოდეს ატყობს, წინა დღეს არის დამზადებული, თუ ახალია. ისედაც, სწრაფი კვების პროდუქტების სისტემატური მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, აშშ-ში სწრაფი კვების ობიექტებზე კონტროლი საგრძნობლად გაამკაცრეს.

კარტოფილის ფრი და ჩიფსები - ეს სასუსნავი ყველას უყვარს, განსაკუთრებით, მოზარდებს. ბევრმა არ იცის, რომ ეს ძალზე სარისკო პროდუქტია, რადგან მის შესაწვავად მრავალჯერ გამოყენებულ ცხიმს იყენებენ. ოჯახშიც კი, ერთხელ რომ შეწვავთ კარტოფილს, ან სხვა რამეს, მერე ამ ცხიმში სხვა კერძის მომზადება აღარ შეიძლება, რადგან იქ უკვე მოხვდა ორგანული ნივთიერება, რომელიც მეორედ შეწვის დროს კარცენოგენად გარდაიქმნება. არც ის არის გამორიცხული, რომ დაფასოებული კარტოფილის ფრი და ჩიფსები მოძველებული იყოს.

შაურმა - ძალზე სახიფათო პროდუქტია, რომელიც შეიძლება კოლიბაქტერიების წყარო გახდეს. ამიტომ, შაურმით მოწამვლის შემთხვევები არცთუ იშვიათია. შაურმა არათანაბრად იწვება ღია სივრცეში, ზოგჯერ - ქუჩაში, თანაც, მისი დამზადების წესსაც ვერ იცავენ: შაურმა განუწყვეტლივ უნდა მოძრაობდეს, თანაბარ ტემპერატურაზე უნდა მზადდებოდეს და ხორციც ახალი უნდა იყოს. მეწარმეები ამ ნორმებს ხშირად არღვევდნენ და დღესაც არღვევენ, მართალია, ბოლო ხანებში კონტროლი გამკაცრდა, მაგრამ საშაურმეებში დარღევევები მაინც არის.

მარგარინი - მარგარინის დიდი რაოდენობით გამოყენება დაუშვებელია: ეს არის მცენარეული ცხიმი, რომელმაც ჰიდროგენიზაცია განიცადა. ჰიდროგენიზებულ ცხიმებს ადამიანის ორგანიზმი ძალიან ცუდად ითვისებს. ეს ცხიმები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება ერთხელ, ან ორჯერ გადახარშოს, მაგრამ მარგარინის ხშირი მიღება სასურველი ნამდვილად არ არის. მარგარინს ხშირად მიირთმევენ მარხვაში, რადგან ეს მცენარეული ცხიმია. ეს სერიოზული შეცდომაა, რადგან უკვე დამტკიცდა, რომ მარგარინის სისტემატური მიღება არ შეიძლება.

ენერგეტიკული და გაზიანი სასმელები - ხშირად ენერგეტიკული სასმელები მავნე ნივთიერებებს შეიცავს, მაგალითად, ტაურინს, რომელიც ორგანიზმს ჯერ ენერგიას ჰმატებს, მაგრამ საბოლოოდ, აცლის. ადამიანი, რომელიც ენერგეტიკულ სასმელს სვამს, თავიდან ფიქრობს, რომ ენერგია მოემატა, თუმცა ის გარედან კი არ იღებს ამ ენერგიას, არამედ საკუთარი ორგანიზმის ხარჯზე. რატომ არის, რომ სპორტსმენებს სტიმულატორებს უკრძალავენ? - იმიტომ, რომ ეს მათ ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. არანაკლებ საზიანოა ხალხში ძალიან პოპულარული გაზიანი სასმელები: ალბათ თქვენც დაფიქრებულხართ - რამდენი ტონა ნატურალური მცენარეული სასმელი უნდა დამზადდეს, რომ ის მთელ მსოფლიოში გავრცელდეს და ყველა ქვეყანაში გაიყიდოს? ამიტომ, ხშირად ეს სინთეტიკური ნივთიერებების ნაკრებია და არა - მცენარეული სასმელი. ამ სასმელებში შერეული საღებავები, კონსერვანტები და სხვა ქიმიური ნივთიერებები სულაც არ არის საუკეთესო საკვები ჩვენი ორგანიზმისთვის.

ხორცის ნახევარფაბრიკატები - ესეც საკმაოდ სახიფათო და სარისკო საკვებია, განსაკუთრებით, ფარშირებული ნახევარფაბრიკატები, პელმენები, კატლეტები და ა.შ... წესით, ამგვარი საკვები 0-დან მინუს 4 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. დავუშვათ, ეს ნორმა დაირღვა, აღნიშნულ პროდუქტებში ისეთი ცვლილებები იწყება, რომელიც სასიკეთოს არაფერს გამოიწვევს. მათი კვლევისას, სპეციალისტებს თევზის ფილეშიც უნახავთ კოლიბაქტერიები, დაფასოებულ ფარშშიც და ხინკალშიც... დავუშვათ, ხორცი კარგად მოვხარშეთ და ამის გამო არ მოვიწამლეთ, საბოლოოდ მაინც კოლიბაქტერიების დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტს ვიღებთ, რაც სულაც არ არის სასარგებლო. ამიტომ, ყოველთვის უნდა დააკვირდეთ სად, რა პირობებში ყიდულობთ საკვებს. ყველაზე საუკეთესო გზაა ხშირად მიიღოთ ნატურალური საკვები და მოერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავს.

ხათუნა ჩიგოგიძე