საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს რევოლუციურს უწოდებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებებს რევოლუციურად აფასებს და მიესალმება.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი საგადასახადო რეფორმები მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყნის საგადასახადო და ბიზნეს გარემოს მიმზიდველობას არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესისათვის, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვისაც.

"მოგების გადასახადის "ესტონური მოდელის" დანერგვა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა ის უმნიშვნელოვანესი თემებია, რომლებზეც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოყოლებული, პარტნიორ ბიზნეს ასოციაციებთან ერთად მუშაობდა და აქტიურად ეწეოდა ამ საკითხების ადვოკატირებას აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საუბრობდა ამ რეფორმების მნიშვნელობაზე მედიასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ინიცირებული რეფორმების შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების განხილვაში და დახვეწაშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგადასახადო გარემოს რადიკალური გაუმჯობესებისაკენ მიმართული ეს რეფორმები საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის უშუალო ძალისხმევითა და ინიციატივით იღებს სტარტს, რაც, თავის მხრივ, მომავალში კიდევ არაერთი აუცილებელი, საგადასახადო თუ ეკონომიკური რეფორმის განხორციელების იმედს იძლევა;

ჩვენი აზრით, დღეს ინიცირებული რეფორმები მყარი საფუძველი იქნება ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის მომავალი განვითარებისა და შეუქცევადი ზრდისათვის", - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე