თხილის ბიზნესი არნახულ ზარალს განიცდის

რატომ აღარ იბარებენ პროდუქციას თხილის მიმღები პუნქტები?

თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა: სამეგრელოში, გურიასა და იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას თხილი მოჰყავს, თვენახევრის განმავლობაში 1 კილოგრამი თხილის ფასმა 5 ლარით დაიკლო.

თუ დეკემბრის დასაწყისში ერთი კილოგრამი თხილი 8,5-9.00 ლარი ღირდა, ახლა - 3,50-4.00 ლარი ღირს. როგორც ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები ამტკიცებენ, მსგავსი ვარდნა თხილის ბაზარზე ჯერ არ დაფიქსირებულა. გაიაფების მიზეზად თურქულ თხილზე ფასის დაცემას ასახელებენ, თუმცა აღიარებენ, რომ ზამთარში ქართული თხილის ხარისხიც დაბალია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გიორგი ნ.-ს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს და თხილის ბაზარზე შექმნილ სიტუაციას კარგად იცნობს.

მისი თქმით, ზარალს განიცდის ყველა - მსხვილი ბიზნესით დაწყებული, მცირე მეწარმეებით და ჩამბარებელი პუნქტებით დამთავრებული, რადგან მეწარმეების დიდმა ნაწილმა თხილი წინასწარ, გაცილებით მაღალ ფასში შეიძინა.

გიორგი ნ.: "საერთოდ, როდესაც თურქეთში დიდი მოსავალია, სხვა ქვეყნებში თხილის ფასი ყოველთვის ეცემა. ვგულისხმობ აზერბაიჯანს, ესპანეთს და საქართველოს, მაგრამ რაც ბოლო თვეებში მოხდა, ყველასთვის მოულოდნელი „სიურპრიზი“ აღმოჩნდა: ამჟამად, ჩამბარებელ პუნქტებში თხილი 3,5-3,80 ლარი ღირს, ეს მაშინ, როცა შარშან 1 კილოგრამი 14 ლარი ღირდა. ეს იყო ასტრონომიული ფასი, რომელიც შეიძლება საუკუნის განმავლობაში აღარც განმეორდეს. ეს ფასი თხილის მცირე მოსავალმა განაპირობა, როგორც თურქეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. შარშანდელი დეფიციტის გამო თხილზე მოთხოვნაც გაიზარდა და ფასიც. დღეს რა ხდება? - ძალიან ბევრ კომპანიას და მეწარმეს თხილი წინასწარ, 5-6 ლარად აქვს ნაყიდი, მათთვის ეს კატატროფაა. ქარხნები, რომლებმაც თხილის მარაგი წინასწარ შეიძინეს, არნახულ ზარალს განიცდიან. სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე ქარხანა ვიცი, რომელსაც 30-40 ტონა დარჩეული თხილის გული აქვს შენახული. ისინი 1 კილოგრამზე 2,5 დოლარს აგებენ, ეს კი, ერთ მანქანაზე 55 ათასი დოლარის ზარალს ნიშნავს. საერთოდ, ნოემბერ-დეკემბრიდან ბაზარზე თურქეთი შემოდის მთელი თავისი პოტენციალით. ამიტომ, ქართულ თხილზე მაღალი ფასი მოსავლის აღებიდან 1-2 თვის განმავლობაში ფიქსირდება, შემდეგ კი, სიტუაცია იცვლება. ახლაც ასე მოხდა, მაგრამ თხილის ფასის ასეთ კლებას მაინც არავინ ელოდა", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა. 

ბატონი გიორგის შეფასებით, ზამთრის სეზონზე 4 ლარი ქართული თხილისთვის ნორმალური ფასია, რადგან მის ხარისხს შეესაბამება. მან ქართულ თხილზე ფასის დაცემის კიდევ ერთი მიზეზი გაგვიმხილა: „როგორც ვიცი, ერთ-ერთმა ექსპორტიორმა კომპანიამ თავის პროდუქციაში მიწის თხილი შეურია, მიწის თხილი კი, ალერგენია და არ უნდა მიიღოს იმან, ვისაც ალერგია აწუხებს. ეს პროდუქტი გერმანულმა კომპანიამ შეისყიდა. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მასში 25% მიწის თხილი იყო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უარყოფითად აისახა ევროპაში ქართული თხილის რეალიზაციაზე. ჩვენ ისედაც არ ვართ ამ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები და მსგავსი ფაქტები ქართული თხილის პრესტიჟს სერიოზულად აზიანებს. ამბობენ, რომ რაღაც სანქციებიც უნდა დაწესდეს და ქართულ თხილზე კონტროლის სისტემაც გაძლიერდეს“.

„თხილის გაიაფება მოსალოდნელი იყო“, - აცხადებს ოზურგეთის რაიონის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი.

"ცნობილია, რომ თურქეთი აბალანსებს თხილის ფასს მთელ მსოფლიოში, თხილს ჩინეთიც აწარმოებს: ჩინელებს თხილის პლანტაციები 200 ათას ჰექტარზე აქვთ გაშენებული, მაგრამ ეს ქვეყანა, თურქეთის მსგავსად, ექსპორტიორი არ არის და თავისი მოსავალი მსოფლიო ბაზარზე არ გააქვს. ამიტომ, თხილის მსოფლიო ბაზარზე თურქეთი მთავარი მოთამაშეა, მით უმეტეს, მათი ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენებური თხილისა. გურიაში მაგალითად, წელს გვალვა იყო, ზაფხულში წვიმა სულ ორჯერ მოვიდა, რამაც თხილის ხარისხზე ძალიან იმოქმედა: თხილის გულს არა აქვს ის გამოსავლიანობა, რომელიც უნდა ჰქონდეს. მოკლედ, ვინც თავის დროზე ჩააბარა თავისი მოსავალი, იმან მოიგო. თხილის მიმღები პუნქტების და საწარმოების ნაწილი გაჩერებულია იმიტომ, რომ ჯერ რაც ნაყიდი აქვთ, იმ პროდუქტის რეალიზაცია უნდა მოასწრონ", - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.

თხილის ფასის დაცემის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან საოჯახო მეუნეობებიც. ფიქრია ბარამიძე ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში ცხოვრობს, სადაც მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს და ამბობს, რომ თხილის გაიაფებამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა.

"ამ დღეებში ოზურგეთში ძალიან კარგი ხარისხის თხილი 4,5 ლარი ღირდა, ხოლო შედარებით დაბალი ხარისხის თხილს საერთოდ აღარ იბარებენ. ამის გამო ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა: ზოგიერთი ოჯახი მთელი წლის განმავლობაში ელოდება თხილის მოსავალს. საგაზაფხულო სამუშაოებსაც თხილის ფულით ვატარებთ, სასუქებს და შხამქიმიკატებსაც ასე ვყიდულობთ. თხილის ფასის ვარდნამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო. შარშან უხარისხო თხილიც კი 6-7 ლარზე დაბლა არ ჩამოდიოდა. წელს კი ფაქტია, რომ თხილის ჩაბარებას ვეღარ ვახერხებთ და ისიც არ ვიცით, მომავალში რა იქნება!“ - აცხადებს ფიქრია ბარამიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე