სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკვაკულტურის დარგის განვითარების ხელშეწყობის პროექტს იწყებს

საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" ბალანსზე არსებული ტბორები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრს გადაეცეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა მეთევზეობის დარგის სპეციალისტებთან ერთად, კახეთის რეგიონში არსებული ტბორები დაათვალიერეს და ფერმერებს შეხვდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აკვაკულტურის დარგის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში თევზის მეურნეობების განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მზად იქნება.

მისივე თქმით, აკვაკულტურის განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. "საქართველოში დიდი რაოდენობის თევზის იმპორტი ხორციელდება. ჩვენ კი, გვაქვს საკმარისი რესურსი არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შევცვალოთ და იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივით ჩავანაცვლოთ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინსიტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციას" მფლობელობაში აქვს ხელოვნური ტბები, ტბორები და წყალსაცავები, სადაც შესაძლებელია დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები და მეწარმეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ამ პროცესში, ხელი შევუწყოთ დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, მიიღონ სწორი რეკომენდაციები, რათა გაზარდონ და განავითარონ წარმოება და აწარმოონ ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელსაც ექსპორტზე გაიტანენ. სწორედ ამიტომ, მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის ვგეგმავთ სადემონსტრაციო ინფრასტრუქტურის შექმნასაც", -განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზრის კარი გაიხსნა.

"ეს შესაძლებლობა ქართველმა ფერმერებმა და მეწარმეებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ამისთვის კი, აუცილებელია დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ აწარმოონ ისეთი ხარისხის და რაოდენობის პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნებს", – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

"საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" ბალანსზე არსებული ტბორები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრს გადაეცეს. მეცნიერები საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ ბუნებრივ და ხელოვნერულ წყალსატევებში არსებულ თევზის მარაგებს შეისწავლიან. ტბორებში თევზის წარმოების განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევები და სასელექციო–საჯიშე სახეობების გამოყვანა მოხდება, რაც ფერმერებსა და მეწარმეებისთვის თევზის ახალ სახეობებზე და მაღალხარისხიან ლიფსიტაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

წყალსატევებში განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, არსებული მდგომარეობის და საჭიროებების გათვალისწინებით, სპეციალისტები ქართველ ფერმერებს და თევზის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნოლგიების გაცნობასა და დანერგვაში დაეხმარებიან", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კახეთის რეგიონში თევზის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და შპს ,,საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი ესწრებოდნენ.