მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

"15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

ორშაბათიდან, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია და სხვა წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყველა რეგიონს ესტუმრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა დეტალს დეტალურად გააცნობენ", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პირველი საინფორმაციო შეხვედრები დღეს კახეთში შედგება. კერძოდ, თელავში - საკრებულოს დარბაზში, ხოლო გურჯაანში - გამგეობის დარბაზში.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება იგეგმება.

"ზოგადად, პროგრამის ეფექტურობას ცხადყოფს პირველი რაუნდის მონაცემებიც, რომლის ფარგლებშიც უკვე 1 620 ბენეფიციარი დაფინანსდა და ტრენინგი 3 118 ბენეფიციარმა გაიარა", - განაცხადეს სააგენტოში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე