განათლების სამინისტრომ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის სახელმძღვანელო შეიმუშავა

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით, განახლებული სტანდარტის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, ახალი სახელმძღვანელო შეიმუშავა როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის კომპონენტით.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საგანი ამ ეტაპზე არის არჩევით საგანთა ნუსხაში და 2015-2016 სასწავლო წლიდან განახლებული პროგრამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში გადის დანერგვის ეტაპს.

მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მეწარმეობის საგნის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო პრაქტიკოსი პედაგოგებისაგან ინფორმაციის მიღება კურსის დანერგვასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად მიდის პროცესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები, კიდევ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ სამინისტროსა და პრაქტიკოსი ბიზნესმენების მხრიდან, რათა მეწარმეობის საგნის სწავლების კურსი იყოს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.

"არჩევითი საგანი "მეწარმეობის საფუძვლები" მოსწვალეებს უვითარებს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევას, ასევე ეხმარება არჩევანის გაკეთებაში იმასთან დაკავშირებით, თუ იდეა როგორ შეიძლება გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც მას მომავალში შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი, ასევე მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვისა და თვითდასაქმების საშუალება, საგანი დაეხმარება მოსწავლეებს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სკოლებში მეწარმეობის განვითარებისა და ამ საგნის სწავლების შემოღების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის კოორდინირებული მუშაობით, მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა. მეწარმეობის საგანში შემუშავდა სტანდარტი. შემდეგ გამოცხადდა კონკურსი სახელმძღვანელოზე, შეირჩა და სავაჭრო პალატამ დააფინანსა მისი მომზადება და რესურსების ბეჭდვა, მომზადდნენ მასწავლებლები", - აცხადებენ სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე