ჰონგ კონგურმა კომპანიამ თბილისში კაზინოს გახსნაზე უარი თქვა

ჰონგ კონგური კომპანია Melco International Development თბილისში, სასტუმრო „მილენიუმში“, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დასრულებულა, კაზინოს აღარ გახსნის.

DFWatch-ის ინფორმაციით, კომპანიამ სასტუმროს სივრცის ლიზინგზე „დაბი გრუპთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

კომპანია „მელკოს“ მფლობელი ჰონგ კონგელი მილიარდერი ლოურენს ჰო არის, რომლის ქონებაც „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 1,2 მილიარდი დოლარია.

„მიუხედავად იმისა, რომ „დაბი გრუპთან“ მოლაპარაკებისას ყველანაირი ძალისხმევა იქნა გამოყენებული, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ლიზინგის პირობებზე, რომელიც მისაღები იქნებოდა „მელკოსთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

არაბული კომპანია „დაბი ჯგუფი“ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „მილენიუმს“ ე.წ. იმელის შენობის უკან აშენებს. სასტუმროს მშენებლობა სავარაუდოდ, წელს უნდა დასრულდეს. სასტუმროს მშენებლობაში „დაბი ჯგუფი“ 140-მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე