ქართველი სტუდენტები ჭარხლის ჩიფსების წარმოებას გეგმავენ

ჭარხლის ჩიფსებით ესტონეთის საექსპორტო ბაზარი უკვე დაინტერესდა

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ჭარხლის ჩიფსების წარმოებას გეგმავენ. ამის შესახებ იდეის ავტორებმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადეს.

სტუდენტების თქმით, რამდენიმე ხნის წინ მათ ვაშლის ჩიფსების გამოშვება დაიწყეს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ჭარხლის ჩიფსებიც ბაზარზე არანაკლებ მოთხოვნადი იქნება.

როგორც შალვა მძინარაშვილი აღნიშნავს, დეგუსტაცია უკვე მოეწყო და პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

,,ჩვენი მთავარი მიზანია, ბოსტნეულსა და ხილს ისეთი სტრუქტურა მივცეთ, რომ ყველასთვის უფრო მისაღები და ამავდროულად სასარგებლო იყოს. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქცია ბავშვებისთვისაც და მათი მშობლებისთვისაც ერთნაირად მისაღები იქნება. ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსები არა მარტო გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა”, -აღნიშნავს მძინარაშვილი.

სტუდენტები მაქსიმუმ 50-გრამიანი პაკეტების დამზადებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროდუქციის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ქართული ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსებით ესტონეთის საექსპორტო ბაზარი უკვე დაინტერესდა.

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე