„ბუგატიმ“ ჟენევაში ახალი მოდელი - Chiron წარმოადგინა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ფრანგულმა ჰიპერ-ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Bugatti სრულიად ახალი მოდელი Chiron წარმოადგინა.

Veyron-ის მემკვიდრე ვიზუალური ცვლილების გარდა, გაძლიერებული აგრეგატით გამოირჩევა. ავტომობილი ამჯერად W16-ის 8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 1500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ-ია, ხოლო 0-დან 100-კმ/სთ ასაკრეფად, მხოლოდ 2,5 წამი სჭირდება.

ავტომობილის პრეზენტაცია 1 მარტს ჟენევის ავტოშოუზე გაიმართა და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, კომპანიამ უკვე მიიღო 180 ერთეულზე შეკვეთა, თითოზე 250 ათას დოლარიანი შენატანით დეპოზიტზე.

ავტომობილის მიწოდება შემოდგომიდან დაიწყება და შეკვეთების შემთხვევაში, 2024 წლამდე Chiron-ის მხოლოდ 500 ერთეულის წარმოება იგეგმება.

ავტომობილის ღირებულება სავარაუდოდ, 2,6 მილიონი დოლარი იქნება და მისი მფლობელი კომპანია VW Group-ი მხოლოდ ამ ბრენდიდან სულ მცირე 1,5 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს.

1909 წელს დაარსებული კომპანიის უკანასკნელ მიღწევას სახელი Chiron მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტის ლუი შირონის პატივსაცემად მიენიჭა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში ირიცხებოდა კომპანიის პილოტების სიაში.

კოკა კვირკველია