Bentayga-ზე მოთხოვნა იზრდება

ბრიტანული კომპანია Bentley მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქროსოვერის წარმოების გაზრდას ფიქრობს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა მედიას ჟენევაში განუცხადა.

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში კომპანიამ გაზარდა წარმოების გეგმა დაანონსებული 3,600-დან 5,500-მდე, თუმცა როგორც ირკვევა, ამ კონკრეტულ მოდელზე შეკვეთები 10 ათასს აღწევს და ხელმძღვანელობა ფიქრობს, 200 ათას ევროდ ღირებული Bentayga-ს წარმოება გაზარდოს და ამავდროულად, არ დაუკარგოს მას ექსკლუზიურობა. ამასთან, პრობლემად რჩება საწარმო ქარხნის წარმადობა, ვინაიდან ის ამ მასშტაბების წარმოებაზე არ იყო გათვლილი და ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს.

მსოფლიოში ისეთ ავტომობილებზე მოთხოვნა, რომელთა ფასი 125 ათასი ევროდან იწყება და 250 ათასს აღწევს, წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ამ საფასო სეგმენტში 93,554 ავტომობილი გაიყიდა და ანალიტიკოსების პროგნოზით, უკვე 2020 წლისთვის ეს რიცხვი 111 000-მდე გაიზრდება.

კოკა კვირკველია