მსოფლიოში რძე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოში ღირს

მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში რძის ფასი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კატერინა პობერეჟნამ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება და საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია: ”საქართველოში რძე ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიო მასშტაბით. არის მოთხოვნა ბაზარზე, რომელიც არ კმაყოფილდება. ანუ, ნედლი რძე აქ დეფიციტშია. შესაბამისად, ფასიც ასეთია. თან, ბუნებრივად, რძის ბაზარი დაცულია იმით, რომ ქვეყანაში მოიხმარება სპეციფკიური ტრადიციული პროდუქტები: სულგუნი, იმერული ყველი, მაწონი, რომლის იმპორტი გარედან ვერ ხდება. შესაბამისად, გარკვეულწილად, ეს ტრადიციულობა და მოხმარების კულტურა საქართველოს ბაზარს იცავს”, - განაცხადა კატერინა პობერეჟნამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველომ, პირველ რიგში, წველადობის გაზრდის კუთხით უნდა გადადგას ნაბიჯები: ”საქართველოში ჯერ იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ეფექტიანობა გავაუმჯობესოთ. საქართველოში საშუალო წველადობა არის 1300 ლიტრი წელიწადში ერთ სულზე, ზოგ შემთხევაში, უფრო ნაკლებიც. შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელი უკრაინაში, საშუალოდ 4 400 ლიტრია”, - აღნიშნა კატერინა პობერეჟნამ.

ამავე გადაცემაში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ რძის პირველი ეროვნული კონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც თბილისში დღეს იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოს რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის უახლესი სტანდარტების განხილვა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებაა.