წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერები გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ

სფერო, რომელსაც რეგიონში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებად შეეხო, მშენებლობაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული, მეოთხე კვარტლის ჩათვლით, სამშენებლო სექტორში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. აღნიშნულ სფეროში მოთხოვნა სტაბილურია და დეველოპერები წლის მეორე ნახევრიდან გაყიდვების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ.

სამშენებლო კომპანია ,,არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად შექმნილი კრიზისისა, ფასების 5-10 პროცენტით შემცირების ხარჯზე, დეველოპერებმა მოხმარების შენარჩუნება შეძლეს.

,,თუ შევადარებთ შარშანდელი წლის პირველ ნახევარს და 2014 წლის მეორე ნახევარს, მოთხოვნა შემცირეულია. თუმცა, ფასების 5-10%-იანი კლების ხარჯზე, მოხმარება გარკვეულწილად შენარჩუნდა. საქართველოში სამშენებლო სექტორში დღეს არსებული სიტუაცია რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სტაბილურია. ირანზე ემბარგოს მოხსნით ქვეყანაში დამატებითი ფინანსური რესურსები უნდა შემოვიდეს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ წლის მეორე ნახევრიდან დეველოპერულ სფეროში დადებითი ტენდენციები იქნება და მთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს ილია წულაია.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესს დიდი ბაზარი და განვითარების ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. მისი თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს. ,,გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. დედაქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი ავარიულ ბინაში, ,,ხრუშოვკასა” თუ ძველ აშენებულ კორპუსში ცხოვრობს.შესაბამისად, ადამიანი სტაბილური შემოსავლის წყაროს გაჩენისთანავე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობს”, - აღნიშნავს როსტომაშვილი.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ევროპის ქალაქებში მოსახლეობის მხოლოდ 15-20 %-ია უკმაყოფილო თავისი საცხოვრებელი ფართით, თბილისში მათი რაოდენობა 90%-ს უდრის.

,,მოთხოვნის ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს შედეგია იმ სტაგნაციის, რაც კომუნიზმს ახლდა. იმ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე 8 კვადრატი ნორმა იყო, რაც რეალურად წარმოუდგენელია. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა არის დემოგრაფიული თვალსაზრისითაც, ოჯახში რამდენიმე თაობა ერთადაა თავმოყრილი და მათ ბუნებრივად უჩნდებათ ცალკე ცხოვრების სურვილი. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დღეს უამრავი ადამიანია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული“, - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია. შესაბამისად მშენებლობების რიცხვიც მაღალია. მისი განმარტებით, სამშენებლო ბაზარზე დიდ გავლენას მოლოდინები ახდენს.

,,უძრავი ქონების ბაზარი პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ადამიანის კეთილდღეობაზე, მოსახლეობის განწყობაზე. მშენებლობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი წამყვანი დარგი საქართველოში. რაც მთავარია ეს სფერო უამრავი ადამიანის დამსაქმებელია დაწყებული შავი მუშიდან, დამთავრებული მენეჯმენტით”, - აღნიშნავს როსტომაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე