მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მეფუტკრეობის კოოპერატივებს სკები გადაეცათ

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა. 

მინისტრმა მათ მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 600-მდე სკა გადასცა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკების რეგისტრაცია სპეციალური სააღრიცხვო ბარათების საშუალებით, რაც თაფლის წარმოების მიკვლევადობას შეუწყობს ხელს. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის. პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 7588 სკას მიიღებს.