ევროკავშირის ბაზარზე მატყლს ორი ქართული კომპანია გაიტანს

ცხოველური წარმოშობის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა, მატყლია.

ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველოც დაემატა. ამ ეტაპზე ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს “ჯორჯიან ვულ” და შპს “ქართული მატყლის კომპანია”. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფოს როლი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში ძალიან დიდია და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართულ მატყლს ევროკავშირისგან აღიარება მიეღო. მათი ინფორმაციით, კომპანიები ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დეტალური ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი.

,,სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ძირითადი პასუხისმგებლობა - ხარისხის კონტროლი. სიხშირე და საექსპორტო ფასის დადგენა კი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ბიზნესზე. მათ უნდა შეაგროვონ იმ რაოდენობის და იმ ხარისხის მატყლი, რომელსაც პარტნიორი მხარე მოითხოვს. ამ შემთხვევაში ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნდობა გამოუცხადეს არა რომელიმე კერძო კომპანიას, არამედ ქვეყანას. პრინციპში, ევროპამ აღიარა, რომ საქართველოში ვეტერინარული სისტემა მუშაობს”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მიხეილ სოხაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში.

მისი თქმით, ვეტერინარული სამსახური პერიოდულად ახორციელებს კონტროლს იმ საწარმოებში, რომლებშიც მატყლი გროვდება და ამასთანავე აწარმოებს წვრილფეხა პირუტყვის მუდმივ მონიტორინგს.

მიხეილ სოხაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მატყლის შეგროვება მოხდეს მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისგან. მომავალში კი სახელმწიფოსგან რეკომენდაცია გაეწევა ყველა იმ კომპანიას, რომელიც ევროკავშირის კრიტერიუმების ნუსხას დააკმაყოფილებს.

,,ამ ეტაპზე ორ საწარმოს მიენიჭა უფლება მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გატანის. ვერ ვიტყვი, რომ მათ ასი პროცენტით შეძლეს ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, მაგრამ მინიმალური მოთხოვნები ნამდვილად შეასრულეს”, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა ვეტერინარმა.

საქართველოდან მატყლის პირველი საცდელი პარტია ბრიტანეთში 2015 წლის სექტემბერში ,,ქართული მატყლის კომპანიამ” გააგზავნა. თუმცა იმ პერიოდში საქართველო მესამე ქვეყნების ნუსხაში არ შედიოდა, რის გამოც კონტეინერი უკან გამოაბრუნეს. კომპანიის დირექტორის, ზაურ კულიევის განცხადებით, მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან მატყლის მიწოდებაზე განახლდა და შეთანხმების დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

,,პირველ ეტაპზე ვაპირებთ 22 ტონა მატყლის გატანას. ბრიტანეთიდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ექსპორტზე 2-3 კვირაში გავალთ. კილოგრამს მოსახლეობისგან 80 თეთრად ვიბარებთ. საექსპორტო ფასი, რომელზეც შარშან ვიყავით შეთანხმებული, ერთი დოლარი და 5 ცენტი იყო. ამ კუთხით დიდ ცვლილებას არ ველოდებით”, - აღნიშნა კულიევმა.

"ქართული მატყლის კომპანიას" ამჟამად მატყლი ექსპორტზე უკრაინასა და ინდოეთში გააქვს. თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, აღნიშნულ ბაზრებზე მატყლის ფასი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, კომპანიაში ევროკავშირის ბაზარზე გასვლით მეტ მოგებას ელოდებიან. ზაურ კულიევი მოლაპარაკებების წარმოებას გერმანიასთან, ესტონეთთან და იტალიასთანაც გეგმავს და აცხადებს, რომ კომპანია თვეში 200 ტონამდე მატყლის მიწოდებას მოახერხებს და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნის ციკლურად დაკმაყოფილებასაც შეძლებს.

შპს "ჯორჯიან ვულის” დირექტორის გია ხადილაშვილის განცხადებით, კომპანია მოლაპარაკებებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან და ესტონეთთან აწარმოებს. ხადილაშვილი ახალ საექსპორტო ბაზრებს სიფრთხილით ეკიდება და პირველ ეტაპზე მცირე კონტეინერის გაგზავნას აპირებს.

,,ამჟამად 80 ტონამდე მატყლის მარაგი მაქვს საწარმოში. ამ ბიზნესში დიდი ინვესტიცია ჩავდე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საექსპორტო ბაზარზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ,,ჯორჯიან ვულის” დირექტორი.

მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი ბექა გონაშვილი ქართული მატყლისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ქართული მხარე სტანდარტების დაკმაყოფილებას შეძლებს, მეცხვარეობის მთლიან ციკლში არსებული პრობლემები კი ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე