ბიზნესები, რომლებსაც ოჯახები ფლობენ
ბიზნესები, რომლებსაც ოჯახები ფლობენ
26 მარტი / 2016
საოჯახო ბიზნესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების გავრცელებული ფორმაა. ბევრი კომპანია თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა, ზოგი მის მართვას წარმატებით ართმევს თავს, ზოგიც - ვერ. ჩვენ რამდენიმე ცნობილი საოჯახო ბიზნესის ისტორია გვინდა გაგაცნოთ.

Salvatore Ferragamo

სალვატორე ფერაგამო ღარიბი იტალიელების ოჯახში 1898 წელს დაიბადა. სალვატორე მე-11 იყო 14 შვილიდან, ფეხსაცმელს მის ოჯახში ბავშვები მხოლოდ დღესასწაულებზე იცვამდნენ. ბიჭუნა მეწაღეობაზე ოცნებობდა და უკვე 9 წლის ასაკში თავისი დისთვის შექმნა ფეხსაცმელი, 2 წლის შემდეგ კი ნეაპოლის საუკეთესო მეწაღესთან მოეწყო დამხმარედ. მომავალი გენიოსი 15 წლის იყო, როდესაც ამერიკაში ძმასთან ერთად გაემგზავრა ფეხსაცმლის ფაბრიკაში სამუშაოდ, 10 წლის შემდეგ კი მეორე ძმასთან, სანტა-ბარბარაში გადავიდა საცხოვრებლად, ფეხსაცმლის ფარდულში სამუშაოდ.

სალვატორე ოცნებობდა, რომ ფეხსაცმელი მაქსიმალურად მოხერხებული ყოფილიყო. მას სწამდა, რომ არავითარ მანქანას არ ძალუძს იდეალური წყვილის შეკერვა - მხოლოდ ადამიანის ხელებს შეუძლია შედევრის შექმნა. მიუხედავად ამისა, ფერაგამო თვალს ადევნებდა სიახლეებსა და ტექნოლოგიებს, რათა ფეხსაცმლის თითოეული წყვილი მეტად დაეხვეწა.

იმ დროისთვის ცნობილმა რეჟისორმა სესილ მილმა ფერაგამოს ვესტერნისთვის 100 წყვილი კოვბოური ჩექმა შეუკვეთა. მილი შედეგით კმაყოფილი დარჩა და მთელი ფილმისთვის შეაკერინა სალვატორეს ფეხსაცმელი. კინოში აღიარების მიღების შემდეგ სალვატორე ფერაგამოს ფეხსაცმლით ყველაზე ცნობილი ადამიანები დაინტერესდნენ. 1923 წელს დიზაინერს მეტსახელად ”ვარსკვლავური მეწაღე” შეარქვეს და იგი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად.

1928 წელს დაარდა ბრენდი Salvatore Ferragamo, სადაც 60 ადამიანი მუშაობდა. დიდი დეპრესიის წლებმა ფერაგამოს საქმე ბანკროტამდე მიიყვანა, მაგრამ 1936 წელს დიზაინერმა ახალი ძალებით განაგრძო კვლავ მუშაობა. 1960 წელს ფერაგამო გარდაიცვალა, საქმე კი მეუღლეს, ვანდას დაუტოვა. მალევე მმართველობა მათ 6 შვილს გადაეცა. დღესდღეობით Salvatore Ferragamo ფეხსაცმლის გარდა, ტანსაცმელს, აქსესუარებს, პარფიუმერიასა და სამკაულს უშვებს. ბრენდს 450 ბუტიკზე მეტი აქვს მსოფლიოს მასშტაბით. Salvatore Ferragamo დღემდე ცნობილი ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად რჩება.

Benetton

1945 წელს 10 წლის ლუჩანო ბენეტონს მამა გარდაეცვალა და ოჯახში უფროსი მამაკაცის როლი ერგო. დიდი ოჯახის სარჩენად, სკოლაში სწავლის მიტოვებამ და გაზეთების დამტარებლად მუშაობამ მოუწია. ლუჩანოს 2 უმცროსი ძმა და და ჰყავდა. 14 წლის ბიჭუნა უკვე მაღაზიის გამყიდველის თანაშემწე გახდა ტრევიზოში. ერთხელ ლუჩანო სამსახურში დის მიერ მოქსოვილ მკვეთრ ყვითელ სვიტერში გამოცხადდა და თანამშრომლებში დიდი ფურორი მოახდინა. მოზარდმა მას შემდეგ სვიტერების საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.
იტალიაში სვიტერებს, ფაქტობრივად, ყოველ ოჯახში ქსოვდნენ. თუმცა, მათ მხოლოდ პენსიონერები ატარებდნენ, ამიტომაც შალის ნაწარმი უმეტეს წილად შავი და ნაცრისფერი ფერის იყო. ახალგაზრდობას მოდურ ტანსაცმელზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა და მხოლოდ ლუჩანოს მოუვიდა აზრად, შეემოსა მოზარდები სხვადასხვა კაშკაშა ფერის ”ბაბუების სვიტერებში”.

თავიდან სვიტერებს და, ჯულიანა ქსოვდა, თუმცა შეკვეთებს ვერ აუდიოდა და ამიტომ ოჯახს საწარმოს დაქირავება და დამხმარეების აყვანა მოუწია. თავად ლუჩანო მზა პროდუქციას მაღაზიებში აბარებდა. მოთხოვნა ნაწარმზე დღითიდღე იზრდებოდა, ამიტომ ლუჩანო შოტლანდიაში - ”შალის” მოდის კანონმდებელ ქვეყანაში გაემგზავრა დასახელოვნებლად.
იტალიაში შალის დამუშავების შოტლანდიური მეთოდი ცნობილი არ იყო, ამიტომ შინ დაბრუნებულ ლუჩანოს კონკურენტების წინაშე დიდი უპირატესობა გააჩნდა. მან შოტლანდიიდან ჩამოფასებული საქსოვი მანქანები ჩამოიტანა, გახსნა საოჯახო ფირმა Benetton Group, სადაც უმცროსი ძმები ფინანსურ საკითხებს ხელმძღვანელობდნენ, ჯულიანა კი დიზაინზე იყო პასუხისმგებელი. ნაწარმი არამხოლოდ მოდური და ხარისხიანი, ხელმისაწვდომიც იყო.
ბენეტონის ფერადმა სვიტერებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ტრევიზოში, ლუჩანომ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, ჯერ მთელი იტალია, მერე კი მსოფლიო დაეპყრო.
კომპანია Benetton-ის Benetton 1967 წელს გაიხსნა, 1970 წლისთვის კი მაღაზიების რიცხვი ათასზე მეტს ითვლიდა როგორც იტალიაში, ასევე მსოფლიო მოდის დედაქალაქ პარიზში. ბენეტონმა ფრანჩაიზინგის უმარტივესი სქემა გამოიყენა: ნებისმიერს, ვისაც ბენეტონის ნაწარმის გაყიდვა სურდა, შეეძლო მიეღო ლიცენზია საკუთარი მაღაზიის გასახსნელად. რა თქმა უნდა, რიგი პირობებით: მაღაზიის ინტერიერი ბენეტონის მიერ დამტკიცებული 5 დიზაინიდან ერთ-ერთის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, მაღაზიაში მხოლოდ ბენეტონის ნაწარმის გაყიდვა შეიძლებოდა, ჩაწოლილ საქონელს კი ფირმა უკან აღარ დაიბრუნებდა. ამ სქემის წყალობით კომპანია არავითარ ფინანსურ რისკს არ სწევდა. ეს რისკები კონკრეტული მაღაზიების მხრებზე წვებოდა, რომლებიც კატალოგიდან უკვეთავდნენ საქონელს და იძენდნენ საბითუმო ფასად.
დღესდღეობით, ბენეტონების ოჯახი, რომელსაც იტალიაში სიმდიდრით მესამე ადგილი უკავია, ფულს არამხოლოდ ტანსაცმლის გაყიდვის გზით შოულობს.
უმცროსი ძმის, ჯილბერტო ბენეტონის ფინანსური წარმატებების წყალობით, რომელიც საოჯახო ჰოლდინგის Edizione მმართველია, ცნობილი ბრენდის მფლობელები ფასიანი ავტოტრასის ოპერატორის Autostrade მსხვილი აქციონერები არიან. ბენეტონებს ასევე აქვთ მსხვილი წილები გზისპირა რესტორანთა ქსელში Autogrill, კომპანიაში Pirelli და ბანკში Mediobanca.

L’Oreal

როგორც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების უმეტესობისა, L’Oreal-ის ისტორია თამამი იდეისგან დაიწყო, რომელიც თმის სინთეტიკური საღებავის მეშვეობით შეღებვაში მდგომარეობდა. იდეა აზრად ახალგაზრდა ფრანგ ქიმიკოს ეჟენ შულერს მოუვიდა, რომელმაც შესაბამისი საშუალება შეიმუშავა.

ეჟენმა გამოგონება საკუთარ ცოლზე გამოსცადა და მას შემდეგ, რაც საღებავმა გაამართლა, ერთ-ერთ ნაცნობ დალაქს შესთავაზა სიახლე. უჩვეულო საშუალება ძალზედ მოთხოვნადი გახდა და მალევე საღებავის მასობრივი წარმოების წამოწყება გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, წარმატებისკენ გზა იოლი არ არის, ამიტომ ეჟენს საღებავის შესაქმნელად ღამეების თენება უწევდა, დღისით კი პროდუქციას სილამაზის სალონებში აბარებდა. თავის ქმნილებას ეჟენმა L’Aureale დაარქვა, იმ დროისთვის პოპულარული ვარცხნილობის პატივსაცემად. ოდნავ შეცვლილი ვარიანტი კი მალევე ბრენდის სახელწოდება გახდა.

1934 წელს L’Oreal ისე გაფართოვდა, რომ კომპანიის Monsavon შეძენა შეძლო. ამასთან, პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა: საპონი, შამპუნი, სუნამო და ა.შ. 1939 წელს ბრენდი L’Oreal ოფიციალურად დარეგისტრირდა. კომპანიის ცენტრალური ოფისი პარიზში განთავსდა. ეჟენმა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის დრო დადგა. ასე გაიხსნა აშშ-ში L’Oreal-ის პირველი ფილიალი.

1957 წელს ბრენდის დამაარსებელი ეჟენ შულერი გარდაიცვალა, კომპანიის მმართველობა კი მის ქალიშვილს, ლილიან ბეტანკურს გადაეცა, რომელმაც იმ მომენტისთვის მშვენივრად იცოდა, თუ რა მიმართულებით უნდა ემუშავა. ახალმა ხელმძღვანელმა მფლობელობის ზონები სხვა, არანაკლებ ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების შეძენით გააფართოვა. 1964 წელს მან ფრანგული კომპანია Lancome შეიძინა, მომდევნო წელს - Garnier, რამდენიმე წლის შემდეგ კი Biotherm. 80-იან წლებში კომპანია Helena Rubinstein, Vichy და La Roche-Posay აქციების მფლობელი გახდა. 1996 წელს 786 მილიონ დოლარად შეიძინა Maybelline, 2006 წელს კი 652 მილიონ დოლარად - The Body Shop.

თანდათანობით ოჯახური მცირე საწარმო მსოფლიოს უმსხვილესი კოსმეტიკური კონცერნი გახდა. L’Oreal 500 სხვადასხვა ბრენდს, 25 კოსმეტოლოგიურ კომპანიას, 5 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, 47 ქარხანას და 67 ათასი ადამიანისგან შემდგარ პერსონალს აერთიანებს.

ამჟამად კომპანიის მფლობელი ლილიან ბეტანკური ხანდაზმულობის გამო საქმეებს ჩამოშორდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, დატკბეს თავისი შრომის შედეგებით. მას საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ჟურნალ "ფორბსის" მიხედვით. ლილიანის პირადი ქონება 18,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Samsung Group

Samsung Group 1938 წლის 1 მარტს კორეაში, ქალაქ ტეგუში მეწარმე ბიონგ ჩჰულ ლიმ (1910-1987) დააარსა, რომლის სასტარტო კაპიტალი 30 ათას ვონს (2 ათასი დოლარი) შეადგენდა. Samsung კორეულად სამ ვარსკვლავს ნიშნავს. ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება მეწარმის სამ ვაჟს უკავშირდება.

ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ კომპანია საოჯახო საქმიანობად იქცა და შვილებს გადაეცა. მეწარმე კორეაში ერთ-ერთი ცნობილი და პატივსაცემი ადამიანი გახდა. მის პატივსაცემად ნობელის პრემიის კორეულ ანალოგს Ho-Am Prize მეწარმის სახელი ეწოდა.

კომპანია 1951 წელს ხელახლა აღორძინდა ომისა და მოშურნეების მხრიდან ძარცვების შემდეგ, როდესაც ბიზნესი განადგურდა. ბიონგ ჩჰულ ლიმ ფირმის საქმიანობა ნულიდან დაიწყო, მისი ინტერესების სფეროში რა არ შედიოდა: შაქრისა და მატყლის წარმოება, საბითუმო ვაჭრობა, დაზღვევა, რადიომაუწყებლობა, საგამომცემლო ბიზნესი, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. 1960-იან წლებში სამსუნგმა არნახულ წარმატებას მიაღწია. კორეის ეკონომიკის აღორძინების მიზნით ტარდებოდა მსხვილი კომპანიების განვითარების პოლიტიკა, მთავრობა ყველა მხრივ ეხმარებოდა რჩეულ კორპორაციებს, უქმნიდა სასათბურე პირობებს, ჩამოაშორა კონკურენტები. კომპანია სამსუნგის მმართველმა მოახერხა სამთავრობო წრესთან დაახლოება, რამაც კორპორაციის ზრდისა და გაფართოების უსაზღვრო შესაძლებლობები განაპირობა.

1969 წელს სამსუნგის ქვედანაყოფმა Samsung-Sanyo პირველი შავ-თეთრი ტელევიზორების პარტია გამოუშვა. 5 წლის შემდეგ კომპანიამ მაცივრებისა და სარეცხი მანქანების გამოშვება დაიწყო, კიდევ 5 წლის შემდეგ კი - მიკროტალღური ღუმელებისა და კონდიციონერების. 1978 წელს აშშ-ში სამსუნგის პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა. კორეაში პირველობის შემდეგ, კომპანიამ მსოფლიო ბაზრის ლიდერობისთვის ბრძოლა განაგრძო. 1980-იან წლებში Samsung პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე გამოვიდა, 1991 წელს პირველი მობილური ტელეფონების შემუშავება დაიწყო, 1999 წელს კი პირველი სმარტფონისა. წლიდან წლამდე კომპანია აფართოებს მსოფლიო ბაზარზე თავის არსებობას და მობილური ტელეფონებისა და ტელევიზორების გაყიდვების პირველობას არ თმობს.

დღესდღეობით სამსუნგის ქვედანაყოფი Samsung Electronics ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების მსოფლიო ლიდერია. Samsung Heavy Industries - მშენებლობის ქვედანაყოფი - მსოფლიოში მეორე ადგილზეა. კორპორაციას დამფუძნებლის ვაჟი ლი კუნ ჰი ხელმძღვანელობს. სწორედ მას უნდა უმადლოდეს Samsung თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას. ლი კუნ ჰიმ მმართველის მოვალეობები მამის სიკვდილის შემდეგ, 1987 წელს ჩაიბარა, მან უარი თქვა უხარისხო, ბიუჯეტური საქონელის წარმოებაზე და კომპანიის ძალები მაღალხარისხიანი, ინოვაციური პროდუქტების წარმოებაზე მიმართა, რომლებიც საბაზრო ტენდენციებს წინ უსწრებს.

ბრენდმა ამ გადაწყვეტილებით ბევრი რამ მოიგო, თუკი აქამდე ვინმე ფიქრობდა, რომ ფირმის პროდუქცია არასაკმარისად ხარისხიანია, ბოლო წლებში აზრი შეიცვალა. მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ახალი სამყარო, პრინციპით ”ფასი-ხარისხი” აღმოაჩინეს და თუკი ამ ყველაფერს კომპანიის მომსახურებას დავამატებთ, ფირმის პროდუქტის ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ არსებობს.

Siemens

ფირმა Siemens დღეისათვის წარმოდგენილია ტექნიკის, ელექტრონიკის, ენერგეტიკული დანადგარების, სამედიცინო აპარატურის უდიდესი რაოდენობით. ჯერ კიდევ ახლახან ამ ფირმის მობილური ტელეფონები პოპულარობით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კომპანია Siemens თითქმის 170 წლის წინ შეიქმნა. 1847 წელს გერმანელმა მეცნიერმა და ინჟინერმა ვერნერ სიმენსმა დააარსა ფირმა Telegraphen-Bauanstalt Siemens & Halske, რომელიც ელექტროტელეგრაფიითა და სამედიცინო ელექტროაპარატების წარმოებით იყო დაკავებული. გამომგონებელს მნიშვნელოვანი მორალური და ფინანსური მხარდაჭერა ოჯახმა გაუწია. მაგალითისთვის, ვერნერის ბიძაშვილმა იოჰან გეორგ სიმენსმა საკუთარ თავზე აიღო საჭირო ინსტუმენტების ყიდვის, ფართის დაქირავებისა და თანამშრომლების ხელფასების ხარჯები. ახალგაზრდა მეცნიერს მხოლოდ სამუშაოსადმი თავის მიძღვნა ევალებოდა. მოცემულ ამოცანას ვერნერი შესანიშნავად გაუმკლავდა.

ფირმის Telegraphen-Bauanstalt Siemens & Halske პირველი მიღწევა გახლდათ სატელეგრაფო ხაზი, რომელიც ბერლინსა და ფრანკფურტს აკავშირებდა. მოგვიანებით ტელეგრაფმა ბერლინი ასევე კიოლნთან, ჰამბურგთან, შტეტინთან და ბრესლაუსთან დააკავშირა. 2 წლის შემდეგ კი სიმენსების კომპანია გერმანიას გასცდა. დაიწყო სატელეგრაფო ხაზის მშენებლობა, რომელიც ნიდერლანდებს და ბელგიას აკავშირებდა.

მხოლოდ 30 წელი დასჭირდათ ბიძაშვილებს, რომ სატელეგრაფო ხაზებით მსოფლიო მოეცვათ. მაგრამ საქმე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა: Siemens & Halske-ს დახმარებით შეიქმნა მაღალჩქაროსნული ლოკომოტივი, რომელიც სიჩქარეს 210 კმ/სთ ავითარებდა, რაც XX საუკუნის დასაწყისისთვის ფანტასტიკას ჰგავდა.

1892 წლის 6 დეკემბერს გენიალური ვერნერ ფონ სიმენსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ კომპანია Siemens & Halske გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად Siemens & Halske AG, რომლის საერთო კაპიტალი 35 მილიონ მარკას შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას თავისი დამფუძნებელი დააკლდა, S&H AG-მ განაგრძო განვითარება. 1908 წელს კომპანიამ ფირმა Protos Automobile GmbH შეიძინა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტომობილებს აწარმოებდა, 1911 წელს კი პირველი რბილი დირიჟაბლი ააგო - მისი სიგრძე 118 მეტრს აღწევდა და მასზე 24 მგზავრის განთავსება იყო შესაძლებელი.

1925 წელს ფირმამ სამედიცინო აპარატურის წარმოება დაიწყო, 1933 წელს კი სიმენსის ქვედანაყოფმა Apparate und Maschinen GmbH საომარი ტექნიკის წარმოება.

თანამედროვენი კონცერნს ჭკნობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დანებება სიმენსების ოჯახის წესებში არ იყო. კომპანიის მფლობელები გაორმაგებული ძალებით შეუდგნენ სამუშაოს როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე დაკავდნენ ატომური ენერგეტიკით.

ХХ საუკუნის დასასრულს Siemens AG ხელახლა წარსდგა, როგორც მძლავრი კონცერნი, რომელიც სწრაფად ვითარდება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მაინც ენერგეტიკას უთმობდა.

მობილურ ტექნოლოგიებში წარმატებების მიუხედავად, 2005 წელს Siemens AG-მა გადაწყვიტა ქვედანაყოფის Siemens Mobile კომპანიისთვის BenQ მიეყიდა. ამჟამად, მათი წარმოება საბოლოოდ შეწყვეტილია.

ამ გზით, კომპანიამ Siemens AG გადაწყვიტა, არ დაწვრილმანებულიყო და განეგრძო ის საქმე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოსდის - ენერგეტიკა, მედიცინა და მძიმე წარმოება.

დუდანა ზაქარაია
კომენტარები (1)
29.03.2016
ტამარი
სამსუნგი მარტლაც კარგი ბრენდია ვირივიტ მუშა და არც ისე ძვირი.მე უპირატესობას ყველტვისს სონის ვანიჭებდი მაგრამ სამსუნგი ლიდერობსს .ყველა კომპანიას ყველა უწევს კონკურენციას.მოტორპლას,სონის ,და სხვა მრავალტ აი ჭურჭლის სარეცხ მანQანასს ბოშს სიჩუმეში ჩამოუვარდება მხოლოდ.
მსგავსი სიახლეები
ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი გამოწვევაა. სარესტორნო ბიზნესი ამ გამოწვევას საქართველოშიც თანდათან ფეხს უწყობს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე დღეს ტანსაცმლის ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა.
ბიზნესასოციაციებთან ერთად განვიხილეთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია ”სილქნეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შევარდნაძის პერიოდში ბიზნესგარემო უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე სააკაშვილის დროს.
აბასთუმნის მაღალმთიანი სოფლის, კლდის მკვიდრი თამარ წიქარიშვილი არა მხოლოდ კარგი მეურნეა, არამედ იმის სიმბოლოც, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ საკუთარი ძალითაც შეიძლება
ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებისთვის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ უთხოვია და ეს რამდენჯერმე დააზუსტა კიდეც
”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU Kids- ის შაბათ-კვირის სკოლამ სწავლის მსურველთათვის მიღება გამოაცხადა.
არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება, ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან"
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.09.2016
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა.
სრულად
29.09.2016
ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი გამოწვევაა. სარესტორნო ბიზნესი ამ გამოწვევას საქართველოშიც თანდათან ფეხს უწყობს.
სრულად
29.09.2016
აჭარაში „ნარინჯისფერი რთველისთვის“ სამზადისი კარგა ხანია დაიწყო.
სრულად
29.09.2016
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი
სრულად
29.09.2016
სამთავრობო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.09.2016
29.09.2016
USD
1
USD
2.3276
2.3286
EUR
1
EUR
2.6174
2.6113
GBP
1
GBP
3.0163
3.0283
RUB
100
RUB
3.6478
3.6481