მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

ბოლო დროს მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოთხოვნამ ისევ მკვეთრად მოიმატა.

მომხმარებელი ცდილობს, მანქანის შეძენა კანონმდებლობის ამოქმედებამდე მოასწროს. იმპორტიორების ინფორმაციით, შეკვეთის მეტი წილი ამ ეტაპზეც მარჯვენასაჭიანებზეა. ისინი შიშობენ, რომ აკრძალვის დაწესებით საქართველოში იაფი მანქანის ხანა დასრულდება და ხალხს მანქანის ყიდვა ზოგადად გაუჭირდება.

ამ ეტაპზე მარჯვენასაჭიანები დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა. უკვე მომავალი წლიდან მარცხენასაჭიანის ფასიც მოიმატებს, რადგან მხოლოდ მათზე იქნება მოთხოვნა. ავტოდილერები ვარაუდობენ, რომ ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება და ფასიც ნელ-ნელა დარეგულირდება.

ბოლო პერიოდში საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და თითქმის 50%-ს მიაღწია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი და 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა. 2014 წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი და 34 000 მარჯვენასაჭიანი, 2015 წელს კი - 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი.

შსს-ში განმარტავენ, რომ დინამიკა საგანგაშო ზღვარს უახლოვდება, რის გამოც მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში აუცილებელი გახდება მოძრაობის მიმართულების შეცვლა.

რუსთავის ავტობაზრობის თანამშრომლები იმპორტის ზრდას ადასტურებენ. მოსალოდნელი აკრძალვის გამო, ხალხი ინტენსიურად ცდილობს, რომ მოასწროს სასურველი ავტომობილის შეძენა, რაც გაყიდვაზეც აისახება.

"მარჯვენასაჭიანების იმპორტმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. შეკვეთების უმეტესობა კვლავაც ასეთ მანქანებზე მოდის. ცხადია, ეს გამოწვეულია შედარებით დაბალი ფასით. ქართველი მომხმარებელი მაღალი მსყიდველუნარიანობით არ გამოირჩევა, ამიტომ არჩევანს ფასის შესაბამისად აკეთებს.

ტენდენცია, ალბათ, მომდევნო წლამდე შენარჩუნდება. იმპორტიორებს სამზადისისთვის საკმაოდ დიდი დრო აქვთ იმისთვის, რომ სამომავლოდ არ დაზარალდნენ, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მოუწევთ", - აცხადებენ რუსთავის ატვობაზრობის წარმომადგენლები.

სიიაფის გარდა, იმპორტზე მოთხოვნის ზრდა სეზონური ცვლილებითაც არის გამოწვეული. იმპორტიორების შეფასებით, გაზაფხულზე ავტობიზნესში გამოცოცხლება ყოველთვის იგრძნობა, ეკონომიკურად კრიტიკულ პერიოდშიც კი ასეა.

კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი ელგუჯა ჯამაგიძე განმარტავს, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის ერთადერთი უპირატესობა ფასია, რის გამოც მასზე მოთხოვნა მატულობს.

"მარჯვენასაჭიანი ავტმობილების აკრძალვის ვადის გადადებამ მომხმარებელი საკმაოდ გაათამამა. ეს არის კონკურენტუნარიანი მანქანა დაბალი ფასის გამო, სხვა უპირატესობა არ აქვს. გაზაფხულის სეზონია და ავტომობილების ბაზარზე ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. რადიკალურ ცვლილებას ჯერჯერობით არ ველოდები, თუმცა მომავალი წლიდან, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებს მოგვეცემა რეალური შესაძლებლობა, რომ ხარისხიანი მანქანები მივაწოდოთ მომხმარებელს. შეიძლება არ იყოს ახალი, 1-2 წლით მეტი ასაკიც ჰქონდეს, მაგრამ ხარისხი გარანტირებული იქნება", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ ჯერჯერობით რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ, თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა, პოზიციის დათმობა მოუხდეთ.

ასე ფიქრობს ლევან ვეშაპური, რომლის თქმითაც აკრძალვის პარალელურად, შედარებით ნაკლებ ფასში, მხოლოდ ძველი მანქანის რეალიზაცია მოუწევთ. მისი ვარაუდით, 2000 წელს ზემოთ გამოშვებული ან უფრო ახალი ავტომობილების ფასი, სავარაუდოდ, მოიმატებს.

"სანამ აკრძალვა გადავადდებოდა, რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. მართალია, ახლაც ბევრი რამ კარგად არ არის გარკვეული, მაგრამ ის მაინც ვიცით, რომ წლის ბოლომდე შეგვეძლება მშვიდად ყოფნა. ახლა ის პერიოდია, როცა კლიენტების უმეტესობა ცდილობს, მოასწროს ყიდვა. მე კი საშუალება მეძლევა, მეტი მოგება დამრჩეს. წინა პარტიისგან განსხვავებით, ახალჩამოყვანილ მანქანებს 10-15%-ით ძვირად გავყიდი. სამომავლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედო, მაგრამ ეს ჩემთვის ადვილი არ იქნება. არ გამოვრიცხავ, საერთოდაც შევეშვა ამ ბიზნესს", - აღნიშნავს ავტოდილერი.

რუსთავის ბაზრობაზე მომუშავე ლადო გერსამია ამბობს, რომ ახალ სტანდარტზე გადასვლა მისთვის რთული პროცესი იქნება, რადგან ალტერნატიულ საქმიანობას არ ეწევა. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მოთხოვნამ მოიმატა, რამაც მარჯვენასაჭიანი მანქანების ბიზნესი წაახალისა კიდეც. ავტოდილერი არ მალავს, რომ სიტუაციის შემობრუნებას აღარ ელოდა.

"მარჯვენასაჭიანი მანქანების გაყიდვას ხელს უწყობს ფასი, სიიაფის გამო კლიენტების უმეტესობა ასეთ მანქანას უკვეთავს. გარდა ამისა, იგი უფრო ეკონომიურიცაა და უპირატესობა ამ მხრივაც აქვს. ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ყიდვა უნდოდა, ამ პროცესს დააჩქარებს კიდეც, რომ ვადაში ჩაეტიოს", - ამბობს იმპორტიორი.

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს, მისი ამოქმედება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"