აზერბაიჯანმა დეფიციტის გამო ბენზინის ექსპორტი შეაჩერა

"აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტმა, დავიდ მამედოვმა დღეს განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი დეფიციტის გამო კომპანიას ბენზინის ექსპორტის შეჩერებამ მოუწია", -

ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო abc.az-ი იუწყება.

”ბენზინის მოხმარება აზერბაიჯანში წელს შარშანდელთთან შედარებით 10,2%-ით გაიზარდა. ”სოკარის” მთავარი ამოცანაა, ჯერ შიდა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, შესაბამისად, ბენზინის ექსპორტს შევაჩერეთ”, - განაცხადა მამედოვმა.

მისი თქმით, დეფიციტის გამო ”სოკარის” იმ განყოფილებას, რომელიც ქვეყნის გარეთ საქმიანობს, საწვავის შესყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე უწევს.

”ბენზინის წარმოების გაზრდა კომპანიას მხოლოდ საკუთარი ნავთობის ხარჯზე შეუძლია, რომელიც 2014 წლიდან მთლიანად გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. დარჩენილი ნავთობი კი მიმართული იქნება ექსპორტზე, ერთობლივი საწარმოების უზრუნველსაყოფად, რადგან კონტრაქტის მიხედვით, მათი ნავთობი არ გადამუშავდება”, - აღნიშნა მამედოვმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბენზინისა და დიზელის სიდიდით მეორე ექსპორტიორია. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, წელს 10 თვის განმავლობაში მეზობელი ქვეყნიდან 173,7 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 26%-ია.