აჭარაში მოცვის ბაღები გაშენდება

აჭარის რეგიონში 9 ჰექტარ მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება.

ორმა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ჯამურად 119,307.00 ლარის დაფინანსება მიიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, დავით ცენტერაძის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერა.

დავით ცენტერაძე პროგრამაში 2015 წლის 2 დეკემბერს ჩაერთო და 4.5 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57,946.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 48,020.00 ლარი ნერგებზე ხოლო 9,926.00 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით 1357 ჰა-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,9 მილიონ ლარს აღემატება.

სამინისტროს ცნობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში კი დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს,

სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე