საქართველოში დამზადებული "ლივლივა" შესაძლოა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე გავიდეს

კომპანია ”ლივლივა” ერთი წლის წინ დაარსდა.

კომპანიის დამფუძნებლები თავად ამზადებენ პროდუქციას, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული, მაგრამ ამავე დროს, საჭირო და პრაგმატულია. როგორც მწარმოებლები ამბობენ, მათ პროდუქციას სამკურნალო თვისებებიც აქვს. კომპანია ”ლივლივა” ჯერ ახალბედაა და ქართულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობს. სამომავლოდ კი, მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანასაც გეგმავენ. კომპანია ”ლივლივას” საქმინობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანიის დამფუძნებელი, მიხეილ მიქელაძე ესაუბრა.

პირველი მცდელობა და საწყისი კაპიტალი: ”მე და ჩემი მეგობარი, ორი ადამიანი ვაკეთებთ. იდეა ინტერნეტიდან მოვიძიეთ და მერე ჩვენ თვითონ მოგვიწია ამაზე მუშაობა. 6 თვე ვმუშაობდით ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან შრომატევადი სამუშაოა. მუშაობა შარშან გაზაფხულზე დავიწყეთ, 7-8 ცალი გვაქვს დამზადებული. შეკვეთებზე ვმუშაობთ. ვის როგორი ფერი, დიზაინი უნდა. რაც შეეხება საწყის თანხას, პირადი დანაზოგი გვქონდა. სადღაც 4000 -5000 ლარი მაინც დაგვჭირდა იმისთვის, რომ პირველი ნიმუში შეგვექმნა”

ლივლივა: ”ანალოგიური პროდუქტი საქართველოში არ შემხვედრია. არც გამიგია, ჩვენს გარდა სხვაც თუ ამზადებს. ძალიან კომფორტულია. შეგვიძლია საწოლად გამოვიყენოთ. საძინებელ ოთახში შეიძლება დაკიდება. არ არის მხოლოდ ვერანდისთვის და ეზოსთვის. შეგვიძლია ჭერზე დავკიდოთ და საწოლად გამოვიყენოთ. უძილობას შველის, აკვნის მაგივრობასაც ეწევა”.

დამზადების პროცესი და საჭირო მასალები: ”ზოგადად, საამქროში მზადდება. ლითონთან გვიწევს მუშაობა. ბადე კი ხელით იქსოვება. ფარდები, რომლებიც ლივლივას გარედან აკრავს, სამკერვალოში იკერება.”

რეალიზაცია და ფასი: ”გაყიდვები ძირითადად, თბილისთან ახლოს, აგარაკებზე ხდება. ბაზარზე მოთხოვნა არის, შეძენის სურვილი ბევრს აქვს. ზოგი ლივლივას ღირებულება, დიზაინიდან გამომდინარე, 3 ათას ლარს სცილდება. საშუალოდ ფასი 1300 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს.”

ლივლივას ადგილი საცხოვრებელში და მისი შესაძლებლობები: ”ლივლივა შეიძლება ჩამოიკიდოს მყარად მიმაგრებულ კაუჭზე, ჭერზე, ხის ტოტზე, ან მოწყობილობაზე. აღსანიშნავია, რომ „ლივლივა“ აყალიბებს ძილის მშვიდ სისტემას. გარდა სასიამოვნო შეგრძნებებისა, ის გამოიყენება ჯანმრთელობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ყურადღების დეფიციტით მიმდინარე ჰიპერაქტივობის სინდრომი, მეცადინეობის დარღვევების სხვადასხვა სპექტრი, აუტიზმი და სხვა.”

სამომავლო გეგმები: ”თუ საქართველოში ამ ბიზნესმა იმუშავა, ვფიქრობთ, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრებზე გავიდეთ. ასევე, შეიძლება თურქეთშიც გავიტანოთ. აზერბაიჯანთან და სომხეთთან საუბარი მიმდინარეობს, რომ დაგვეხმარონ და მათ ბაზრებზე გავიტანოთ ჩვენი „ლივლივა.”

თამარ კორკოტაშვილი