საქართველოში არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფება

საქართველოს არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის მიზანს ადგილობრივი საინვესტიციო გარემოსა და ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით კონკრეტული პროექტების გაცნობა წარმოადგენს. დელეგაციაში არიან საერთაშორისო ღონისძიების „ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის“ (Annual Investment Meetin) პრეზიდენტი დავუდ ალ შეზავი, მსხვილი არაბული კომპანიების - Al Nakheel properties - მმართველი დირექტორი აბდულრაჰმან ალ შეზავი და Alliance international investment-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ამინ ჰასსანი. ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო ფონდებთან და უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიებთან. ასევე, 7 მაისს იგეგმება ბათუმში გასვლა, სადაც სტუმრები აჭარის ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან.