KFC-მ საჭმელად ვარგისი ფრჩხილის ლაქი შექმნა

სწრაფი კვების სარესტორნო ქსელის, KFC-ის ჰონგ კონგის ფილიალმა შექმნა ფრჩხილის ლაქი, რომელიც საჭმელად ვარგისია და ქათმის გემო აქვს.

უჩვეულო პროდუქტი დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან.

ფრჩხილის ლაქს KFC-ის პოპულარული პროდუქციის - Original-ისა და Hot&Spicy-ის გემო აქვს.

კომპანიის ჩანაფიქრით, KFC-ის მენიუს მოყვარულები, ახალი ლაქის საშუალებით ნებისმიერ დროს შეძლებენ თითის გალოკვას და საყვარელი გემოს გახსენებას.

„რეცეპტი უნიკალურია და შექმნილია იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს გემო და ბზინვარება“, - აცხადებს Ogilvy & Mather-ის კრეატიული დირექტორი ჯონ კოუ.

მისი მოსაზრებით, ახალი სარეკლამო კამპანია ჰონკონგში ნამდვილ აჟიოტაჟს გამოიწვევს.

KFC (Kentucky Fried Chicken - შემწვარი წიწილა კენტუკიდან), წარმოადგენს სწრაფი კვების ამერიკულ სარესტორნო ქსელს, რომელიც 1952 წელს ჰარლანდ სანდერსმა დააარსა.

დღეს KFC მსოფლიოს თითქმის 120 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშია წარმოდგენილი.