ტექნოპარკში MDI & Associates-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ივანოვსკი სტარტაპ ბიზნესების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკში MDI & Associates-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ივანოვსკი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძესთან ერთად სტარტაპ ბიზნესების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის მონაწილეთა შორის არიან პროგრამა - ,,ბიზნეს ინკუბატორის“ გუნდები. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, მარკ ივანოვსკი იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს დაახლოებით 500 წამყვან კომპანიაში, ის ასევე მენტორობდა წარმატებულ სტარტაპებს „სილიკონ ველში“. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლებათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება, გაიღრმაონ ცოდნა ბიზნესის სწორად წარმართვისთვის და გამოიყენონ ის პრაქტიკაში. მარკ ივანოვსკი საქართველოს მთავრობას სტარტაპების პროგრამების განვითარებაში დაეხმარება.

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სტარტაპებს, თუ როგორ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები. გვყავს სტუმარი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება როგორც სტარტაპების დაფინანსების, ასევე მათი განვითარების კუთხით. ერთ თვეში იწყება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების დაფინანსებას, ასევე საკონსულტაციო ელემენტებს და ინფრასტრუქტურასთან დაშვებას“, - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე