საქართველოში ამერიკული სასმელის Royal Crown Cola ჩამოსხმა დაიწყო

საქართველოში ცნობილი ამერიკული სასმელის Royal Crown Cola ჩამოსხმა დაიწყო. როგორც კომპანია „ზედაზენში“ აცხადებენ, ს.ს ქართული ლუდის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ცეზარ ჩოჩელის თქმით, ამერიკული ბრენდი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის, ორიენტირებული იქნება, როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე იმპორტზეც. ჩოჩელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის პირველი პარტიები აფრიკის კონტინენტზე გაიგზავნება. მათივე ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ბაზარზე ანალოგების ჩანაცვლება სწორედ ამ ბრენდით მოხდება.

პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და Royal Crown Cola-ს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„Royal Crown Cola - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაგრილებელი სასმელი. უცვლელი გემო და თავისუფლება. სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს Royal Crown Cola -ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან და მას უძველესი ისტორია გააჩნია. სასმელი, რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება“, - განაცხადა - Royal Crown Cola-ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა მოში კოჰენმა.

კომპანია „ზედაზენის“ ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელის მოადგილის, ქრისტიან მურის განმარტებით, RC Cola -ს საქართველოში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური თარიღია.

„111 წლის შემდეგ არსი კოლა ჯორჯიის შტატიდან ჯორჯიაში, იგივე საქართველოში შემოვიდა. წარმატებას ვუსურვებ ამ ახალ და ძალზედ საინტერესო წამოწყებას საქართველოში",  - განაცხადა ქრისტიან მურმა.

კომპანიის ცნობით, RC Cola -ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება.