ქართული ტყემალი, ჯემი და მურაბა ექსპორტზე ჩეხეთში გავიდა

,,ნენას” ბრენდის ქვეშ წარმოებული ქართული ტყემალი, ჯემი და მურაბა ექსპორტზე ჩეხეთსა და რუსეთში გავიდა.

როგორც კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის” აგროქედა- აგროჩოხატაურის პროექტის მენეჯერი სოლომონ ბარათაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასა და ისრაელთანაც მიმდინარეობს და ახლო მომავალში კომპანია კიდევ რამდენიმე საექსპორტო ბაზრის ათვისებას შეძლებს.

სოლომონ ბარათაშვილის განცხადებით, როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზარზე ,,ნენას” ბრენდის ქვეშ ივნისიდან ხილის კომპოტებიც გამოჩნდება.

,,ახალი ხაზით განსაკუთრებით რუსეთია დაინტერესებული. ასორტიმენტი თანდათან მრავალფეროვანი ხდება, თუმცა საინვესტიციო პაკეტი ამით არ ამოწურულა. ამავდროულად ვაპირებთ, სხვადასხვა სახის მჟავეულობისა და 150-გრამიან შეფუთვაში ფელამუშის იოგურტების დამზადებას”, - აღნიშნავს სოლომონ ბარათაშვილი.

,,ნენას” ბრენდის ქვეშ ამ ეტაპზე 15-მდე სახეობის ხილის მურაბა და ჯემი, საწებელი და ფელამუში გამოდის. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ჯერ მხოლოდ მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება. თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, წარმოების გაფართოება და რეალიზაციის გაზრდა უკვე დაგეგმილია.

ხილის საწარმო ჩოხატაურში მდებარეობს. პროექტი სახელმწიფო თანადაფინანსებით ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” განახორციელა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე