რატომ არ ვითარდება საქართველოში მსხვილი ფერმერული მეურნეობები

საქართველოში 642,2 ათასი მეურნეობა აღირიცხება და მათ შორის მხოლოდ 2,2 ათასია იურიდიული პირი

იმას, რომ ჩვენი ქვეყნის აგრარულ სექტორში მსხვილი ფერმერული მეურნეობების სიმწირეა, საქსტატის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებიც ადასტურებს: საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 642,2 ათასი მეურნეობაა, მათ შორის 640 ათასია შინამეურნეობა და მხოლოდ 2,2 ათასი – იურიდიული პირი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, მეურნეობების ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთშია. მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574,1 ათასს სასოფლო-სამეურნეო მიწა პირად სარგებლობაში აქვს, ხოლო დანარჩენ 68,1 ათასს – არა. სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებით, მეურნეობების უდიდესი ნაწილი მცირემიწიანია. კერძოდ, მათგან 77.1%-ს სარგებლობაში 1 ჰექტარზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის. ექსპერტები და აგროსექტორის მუშაკები „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც საქართველოში მსხვილი ფერმერული მეურნეობების რიცხვი ძალიან დაბალია:

ავთო სილაგაძე, ეკონომიკის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი:

- საერთოდ, შინამეურნეობა აგრარული სექტორის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს, რადგან ის მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა: ცხოვრობს ადამიანი სოფლად და იმდენი მოსავალი მოჰყავს, რამდენიც მის ოჯახს ეყოფა და გამოკვებავს. ასეთი მეურნეობა დოვლათს ვერ ქმნის და ვერც ამ სექტორის წინსვლას შეუწყობს ხელს. ბიზნესის თვალსაზრისით ისეთ მეურნეობებზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება, რომლებიც კომერციულ საქმიანობაზე არიან გადართული. 2,2 ათასი იურიდიული პირი აგრარულ სექტორში - ძალიან ცოტაა. ამ სექტორში გაცილებით მეტი იურიდიული პირი უნდა იყოს. იმ ხალხის რიცხვი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობა ბიზნესი და შემოსავლის წყაროა, საქართველოში ძალიან ცოტაა. ციფრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოფლის მეურნეობაში ოფიციალურად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა მიზერულია, მით უმეტეს, არ ვიცით რამდენია მათ შორის მოქმედი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერმერული მეურნეობების განვითარების თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.

- რა არის ამის მიზეზი?

- იზოლირებული, მცირე ფერმერული მეურნეობები ვერ განვითარდებიან, თუ მათი გამსხვილება არ მოხდება. თანამედროვე ტექნიკის გამოყენება მცირე მეურნეობებში ვერ ხერხდება, მით უმეტეს, მათ ფინანსებიც არა აქვთ, რომ ასეთი ტექნიკა შეიძინონ. ამ ადამიანებს არა აქვთ საშუალება, რომ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოონ. აგრობიზნესის განვითარება ცალკეული ოჯახების მეშვეობით ვერ მოხერხდება. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაგრამ ამ ადამიანებს არა აქვთ ფული და შემოსავალი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი აგრარული სექტორის აქილევსის ქუსლია. დაქუცმაცებული მეურნეობები მსხვილ ინვესტიციებსაც ვერ მოიზიდავს და თუ თანამედროვე ტექნიკა არ იქნება გამოყენებული, აგროსექტორი საქართველოში ვერ განვითარდება.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე მიიჩნევს, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აქვთ, ამიტომაც ვერ აფართოებენ თავიანთ ბიზნესს.

ნინო ზამბახიძე: პირველი და უმთავრესი პრობლემა  ეს არის დანაწევრებული მიწები, იაფი რესურსების ნაკლებობა და არასაკმარისი დაკრედიტება. მათ არა აქვთ საშუალება, რომ სესხი გამოიტანონ და თავისი საქმე გააფართოონ. არანაკლებ სერიოზული პრობლემაა განათლების ნაკლებობა. სიმართლე გითხრათ, ისიც მიკვირს, რომ საქართველოში 2,2 ათასი აგარარულ სექტორზე ორიენტირებული, რეგისტრირებული მეწარმეა, სამაგიეროდ არ მიკვირს, რომ ქვეყანაში ბევრი წვრილი შინამეურნეობაა. არც ის მიკვირს, რომ წვრილი ფერმერი ვერ ახერხებს ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ აქციოს თავისი ოჯახური მეურნეობა. ეს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ხდება. მართალია, ბოლო წლებში აგრარულ სექტორში სიტუაცია შეიცვალა და გამოცოცხლდა, მაგრამ ეს წვრილ ფერმერებზე არ ასახულა.

ნინო ზამბახიძის თქმით, შინამეურნეობას პროდუქცია თავის სარჩენად მოჰყავს და არა - ბიზნესისთვის. ისინი დოვლათს ვერ ქმნიან თუნდაც დანაწევრებული მიწების გამო: ვერც ერთი გლეხი 1-2 ჰექტარზე ვერ მოიყვანს იმდენ მოსავალს, რაც მის მეურნეობას ბიზნესად გადააქცევს, ამიტომ კოოპერატივების შექმნა ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალია. თუკი წვრილი ფერმერები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ თავიანთი დანაწევრებული მიწები გააერთიანონ და ერთ მსხვილ ბიზნესად აქციონ, უფრო მეტ დოვლათსაც შექმნიან და მოგებასაც უფრო მეტს მიიღებენ.

კიდევ უფრო საყურადღებოა ამ საკითხზე ფერმერების აზრი. ფერმერმა ნინა პეტროვა-ძნელაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბევრ გლეხს არა აქვს საშუალება იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს, ზოგი კი არც ცდილობს ამას:

- ჩვენს საქმეში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: გადასახდებს, დაბეგვრას, სესხებს, რომელიც თითქმის ყველას გვაქვს... დღეს ფერმერებს მხოლოდ საკუთარი რესურსების იმედი აქვთ, რის გამოც მათ არ სურთ ვინმეს ენდონ და ვინმეზე იყონ დამოკიდებული. როგორც კი იურიდიული პირი გახდები, დამატებითი დატვირთვა და პასუხისმგებლობა გემატება. ისე კი, შეიძლება საკუთარ ბაღში მოიყვანო მოსავალი, მერე რამდენიც გინდა, იმდენი გაყიდო და არანაირი ზედმეტი მოვალეობები არ შეგაწუხებს. შპს-ს, ფირმას და ოფიციალურ იურიდიულ პირს კი, უფრო მეტი მოვალეობა აქვს, გადასახადებიც ემატება და ბევრ ფორმალობას უნდა დაემორჩილოს: ბოლოს და ბოლოს, თავისი ბუღალტერია უნდა ჰქონდეს და გაფართოებაზე ფიქრობდეს. ოჯახური, გლეხური მეურნეობა კი, ამ ყველაფრისგან თავისუფალია.

ნინა პეტროვა-ძნელაძის აზრით, ზედმეტი ხარჯების დამატება არავის სურს, მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენს ფერმერებს ძალიან უჭირთ:

-  ვინც მიწასთან ახლოსაა, იმან კარგად იცის რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ჩვენი საქმიანობა. ეს არ არის საბანკო სექტორი, ან სხვა სახის ბიზნესი, რომელსაც მოგება გარანტირებული აქვს. ამიტომ, მას მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. აგროსექტორში უნდა იყოს დაბალი გადასახადები და შეღავათიანი ტარიფები, რომ წინ წავიდეთ და გაფართოება შევძლოთ. მიხარია, რომ ჩვენს რიგებს ბევრი ახალგაზრდა შეემატა. ალბათ მომავალში ისინიც იფიქრებენ, მიიღონ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი. იურიდიული პირი ნიშნავს, რომ შენ უკვე აღარ ხარ მხოლოდ შენი ეზოს მესაკუთრე და უფრო მეტი მოვალეობა გაკისრია. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა შექმნას გარემო, რომ ფერმერმა თვითონვე მოისურვოს იურიდიულ პირად დარეგისტრირება.

ხათუნა ჩიგოგიძე