„სტარტაპების დაფინანსება ურთულესი საქმეა“

ივნისიდან საქართველოში სტარტაპების დაფინანსების პროგრამა იწყება.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის დაფინანსება ესაჭიროება. ამ გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლო შემდეგ ბიუჯეტი 35 მლნ ლარამდე გაიზრდება. პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, პროგრამის ამოქმედების პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტებიც. სტარტაპებისა და ინოვაციური იდეების ხელშესაწყობად 2016 წლის 10 ივნისს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო შეჯიბრის ადგილობრივი ფინალი. ამ შეჯიბრის ორგანიზატორია Seedstars World S.A., რომელიც შვეიცარიაშია დაფუძნებული. ეს არის საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ხელშეწყობას განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში. გამარჯვებულებს ექნებათ საშუალება დაესწრონ ღონისძიებას შვეიცარიაში, სადაც მათ საშუალება მიეცემათ მიიღონ დაფინანსება 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში, შეხვდნენ საერთაშორისო დონის ინვესტორებს და გააცნონ თავიანთი სტარტაპი მსოფლიოს.

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ სტარტაპების ხელშეწყობისთვის კიდევ ბევრი რამ არის დაგეგმილი:

ირაკლი ქაშიბაძე - სტარტაპების ხელშეწყობა მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად არის განსაზღვრული. სტარტაპების განვითარების ერთ-ერთი პირობა კი, არის წვდომა ფინანსებთან. ამგვარ პროგრამებს უამრავი ქვეყანა ახორციელებს: ისრაელი, ბალტიის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ... უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყანა აფინანსებს არა მხოლოდ ნოუ-ჰაუს ტიპის სტარტაპებს, არამედ კარგ იდეებს და პროექტებს. ასე რომ, მათი გამოცდილების გათვალისწინება ჩვენც მოგვიწევს, თუმცა მაღალტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებას მაინც უპირატესობა მიენიჭება. სტარტაპებს ექნებათ წვდომა ინფრასტრუქტურასთან, კვლევით ლაბორატორებთან. ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას „მაიკროსოფტთან“, რომელიც სტარტაპებს დამატებით სერვისებს შესთავაზებს.

- სტარტაპის დაფინანსებაში ბანკის ჩარევა თუ იქნება საჭირო ?

-პროგრამა ივნისის პირველ დღეებში დაიწყება და მანამდე ყველა დეტალი დადგინდება. ამ თვის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, თუმცა სავარაუდოდ, მაღალტექნოლოგიური სტარტაპების შემთხვევაში ბანკის თანამონაწილეობა არ იქნება საჭირო. ვითვალსწინებთ, რომ ბანკისთვის რთულია სტარტაპისთვის ფულის გამოყოფა, ამიტომ ამ საქმეში ინვესტორების იმედი უნდა გვქონდეს. პროგრამის ფარგლებში დაპატიჟებული გვყავს ექსპერტები აშშ-დან, ასე რომ, ყველაფერი ისე კეთდება, რომ ამ პროგრამას დადებითი შედეგები მოჰყვეს. ჩატარდება ღონისძიებები, სადაც სხვადასხვა ტიპის პროექტების პრეზენტაცია მოხდება. გარდა Seedstars World S.A.-ისა, პროცესში სხვა ორგანიზაციებსაც ჩავრთავთ.

„საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე კი, ეჭვს გამოთქვამს, რომ აღნიშნულმა პროგრამამ რეალური, ხელშესახები ეფექტი მოიტანოს.

თამაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ საქართველოში სტარტაპის დაფინანსება ურთულესი საქმეა:

-ჩემი გამოცდილების მიხედვით ვიცი, რომ სტარტაპის დაფინანსებისგან ყველა თავს იკავებს. პარლამენტთან ინოვაციების საბჭო რომ შეიქმნა, ინოვაციური იდეების ავტორებს იმედი მიეცათ. პირადად ვთხოვეთ პარლამენეტთან არსებულ ინოვაციურ საბჭოს 5 ათასი ლარი არ გამოეყო ჩვენთვის, მაგრამ უარი მივიღეთ. მხოლოდ ლაპარაკი, რომ ინოვაციებს აფინანსებენ, საქმეს ვერ შველის, ეს მხოლოდ პიარკამპანიაა. ეჭვი მაქვს, რომ სტარტაპებისთვის გამოყოფილი თანხა ისე დაიხარჯება, როგორც აქამდე დახარჯულა. რომელი ბანკი მოგცემს სესხს ისეთ იდეაზე, რომელიც მოგების გარანტიას არ იძლევა? კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: 2-3 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფო სესხის პროცენტს ვეღარ გადაიხდის, მის გადახდას მეწარმე მოახერხებს? ინოვაციის დანერგვა არის ყველაზე ძვირი პროცესი, ამიტომ მოწინავე ქვეყნებში სპეციალური ფონდები იქმნება, სადაც ფულიანი ხალხია გაერთიანებული. სწორედ ისინი ცდილობენ საინტერესო იდეები დააფინანსონ, რადგან იციან - სტარტაპი რამდენიმე წლის შემდეგ გახდება მომგებიანი და არა - დღესვე. სწორედ ასე, ორმა ადამიანმა შექმნა პერსონალური კომპიუტერი, ასე შეიქმნა უსაფრთხო საპარსი და ბევრი სხვა რამ, რომლის გარეშე ახლა ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. თავის დროზე კი, ეს მხოლოდ კარგი იდეა იყო. ხშირად, ინტელექტუალური საკუთრების პატრონს არა აქვს იმის საშუალება, რომ თავისი იდეა ნაწილობრივ მაინც დააფინანსოს. სხვათა შორის, მე თვითონ საკმაოდ კარგი პროექტი მქონდა და ნახევრის დაფინანსება მომთხოვეს. ვერ შევძელი და თავი დავანებე... საქართველოში უამრავი კარგი პროექტია გაჩერებული იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ იცის როგორ დააფინანსოს. კიდევ ვიმეორებ: ინოვაციური მეწარმეობა არის ძვირი მეწარმეობა, ამიტომ მის დაფინანსებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. ასე ინერგება ყველა ქვეყანაში ინოვაციური სისტემები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ბერკეტია. 1994 წლიდან 2002 წლამდე მარტო მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის საქართველოში 125 მილიონი დოლარია შემოსული. სად წავიდა ეს თანხა? რატომ ვერ წავიდა წინ მცირე მეწარმეობა? - მეშინია სტარტაპებზეც იგივე არ განმეორდეს, ამიტომ მთელი ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და გამოყოფილი თანხა ვიღაცის ძმას, ბიძაშვილს, ან პარტიის წევრს კი არ უნდა გადაერიცხოს, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ იმას, ვინც იმსახურებს.

ხათუნა ჩიგოგიძე