Budweiser-მა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ამერიკა" დაირქვა

აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილმა ლუდსახარშმა კომპანია Budweiser-მა რებრენდინგის ჩატარება გადაწყვიტა.

ამერიკულ ლუდ Budweiser-ს, რომელიც შტატებში ყველაზე პოპულარულია, სხვა ქვეყნებში კი Bud-ის მარკით არის ცნობილი, ამიერიდან America ეწოდება.

თუმცა, კომპანიის რებრენდინგი დროებითი იქნება და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში იმოქმედებს. კერძოდ, ლუდი America მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე გაიყიდება.

კამპანიის ფარგლებში, ლუდის ქილებსა და ბოთლებზე დატანილი იქნება პოპულარული ლოზუნგები, მათ შორის ციტატები აშშ-ის ჰიმნიდან და პატრიოტული სიმღერიდან America the Beautiful. გარდა ამისა, 0,5 და 0,7 ლიტრის ბოთლებზე გამოჩნდება თავისუფლების ქანდაკების გამოსახულება.

ორიგინალური კამპანია მხოლოდ აშშ-ში ჩატარდება და სტარტს 23 მაისს აიღებს. როგორც ლუდსახარშ კომპანიაში აცხადებენ, მისი მიზანი აშშ-ში პატრიოტული განწყობის და ამერიკული ფასეულობების ხელშეწყობაა.

კომპანია Budweiser 1876 წელს აშშ-ის მისურის შტატში დაარსდა. ამჟამად ის ბრაზილიურ-ბელგიურ ლუდის გიგანტს, AB InBev-ს ეკუთვნის, რომელიც ლუდის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით ერთ-მეოთხედს აკონტროლებს.